საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდმა რთულ რელიეფზე მარშირებისას სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს ადგილისთვის ბრძოლა 24 საათის განმავლობაში 87 კილომეტრის დაძლევას ითვალისწინებდა, თუმცა ქართველმა პარასპორტსმენებმა აღნიშნული დისტანცია 18 საათში დაფარეს.
შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებას „მარშირება რთულ რელიეფზე“, რომელიც მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით ჩატარდა, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი ედინბურგი მასპინძლობდა. მასში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს დელეგაცია ჯგუფის ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის თანამშრომლის, ზურაბ ჩაჩანიძისა და ხუთი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურით იყო წარმოდგენილი. ვიცე-პოლკოვნიკმა ბეჟან მეტრეველმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ცენტერაძემ, უფროსმა სერჟანტმა ზურაბ დავითოშვილმა, უმცროსმა სერჟანტმა როლანდ მარტიროსოვმა, კაპრალმა ლერი გიკაშვილმა ტურნირში ოფიციალურად ჩართვამდე, ორთვიანი ინტენსიური მომზადება საქართველოში გაიარეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. ტურნირი მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედროებთან კონტაქტის დამყარებისა და ინფორმაციის გაცვლის კარგი შესაძლებლობაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყოველწლიურ შეჯიბრებაში რეგულარულად იღებენ მონაწილეობას.