სოც. ქსელებში პოპულარული გოგო და სილამაზე, როგორც მოტივაცია და პასუხისმგებლობა

ასეთი რამ ყველას ცხოვრებაში არ ხდება, მაგრამ თუკი ერთხელ მოხდა, ის არა მარტო შენს პიროვნებას შეცვლის ან მის ნამდვილ სახეს გამოამჟღავნებს, არამედ, სამყაროსა და სხვა ადამიანების მიმართ შენს დამოკიდებულებებსა და მიზნებზეც იმოქმედებს.

გვანცა ჩიქოვანის ცხოვრებაშიც ასე მოხდა. ერთ მშვენიერ დღეს, ბოლო ზარზე გადაღებულმა ლამაზი გოგოს ფოტოებმა როგორც დღეს ამბობენ, სოციალური ქსელები ააფეთქა. უფრო მეტიც, ეს ფოტოები ოთხი წლის შემდეგაც გააქტიურდა და 2025 წლის „ბოლო ზარის“ თემაზე გავრცელებულ ფოტოებს შორის, ისევ დაწინაურდა. ამ ამბავში ყველაზე სასიხარულო და გამორჩეული ის არის, რომ გვანცასთვის იმ დღიდან მოყოლებული ეს პოპულარობა მოტივატორი გახდა, რომ პიროვნულ განვითარებაზე ეზრუნა და შინაგანი სილამაზეც წარმოეჩინა. ამ  რთულ გზაზე, მისი, როგორც ინოვატორის და გამოგონებელის პირველი წარმატება გახდა ის, რომ თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოში ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ჰიუსტონში, პირდაპირ ნასას კოსმოსურ ცენტრში აღმოჩნდა.

დღეს ისევ აგრძელებს თვითგანვითარებაზე ზრუნვას და პარალელურად სოციალურ პროექტებშიაქტიურად არის ჩართული.

– გვანცა, შეიძლება ითქვას, შენს შემთხვევაში ისე მოხდა, როგორც ფილმებში ხდება, ერთ მშვენიერ დღეს პოპულარულმა გაიღვიძე, რა მოიტანა ასეთმა პოპულარობამ?

– გულწრფელად გითხრათ, დამაბნეველი, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს გაიღვიძებ და აღმოაჩენ, რომ შენი ფოტოები და განვლილი გზა თუ მიღწევები, სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა. პირველად ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2021 წელს მოხდა, როცა სკოლა დავამთავრე და ჩემი ფოტოები სოციალურმა ქსელებმა და მედიამ აიტაცა. ახლა კი, რატომღაც, ისევ ელვის სისწრაფით გავრცელდა.

– როგორ ფიქრობ, გარდა ფოტოებზე გამოსახული ლამაზი გოგოსი, რამ გამოიწვია უცნობი ადამიანების მხრიდან ასეთი დაინტერესება?

– ფოტოებთან ერთად, ვფიქრობ, ჩემით დაინტერესების მიზეზი პატარა ასაკიდან დაწყებული შრომა და მიღწევები გახდა. მე თავიდანვე ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარს და მიტაცებს. ჩემთვის ეს  ბუნებრივი პროცესი იყო, თუმცა მან სხვებისთვისაც ინტერესი და ემოცია გამოიწვია.

– პირადად შენთვის რაიმე სასიკეთო თუ მოიტანა ფაქტობრივად, ერთ დღეში თავს დატეხილმა პოპულარობამ?

– ეს პოპულარობა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, ჩემთვის ერთდროულად გახდა დიდი მოტივაციაც და პასუხისმგებლობაც. რადგან როცა ხვდები, რომ შენს ყოველ ნაბიჯს ამდენი ადამიანი ადევნებს თვალს და რეალურად გეხმიანება, სურვილი გიჩნდება, რომ ყველაფერი კიდევ უფრო დიდი ყურადღებით და გულით აკეთო.

– შრომა და წარმატება ახსენე და მოდი, მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ შენი პიროვნება: რას საქმიანობს დღეს უკვე ცნობადი გოგო? 

– დავიბადე და გავიზარდე სენაკში, თუმცა ჩემი ფესვები მოდის მუხურიდან (ჩხოროწყუს რაიონი), სადაც ბებია-ბაბუასთან ჩემი ბავშვობის ლაღი არდადეგები გავატარე. დავამთავრე წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია. სასკოლო წლებს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს იყო გარემო, სადაც ცოდნასთან ერთად სულიერ ფასეულობებსაც ვეზიარე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თუკი დღეს რამეს წარმოვადგენ, ამაში ოჯახთან ერთად, დიდი წვლილი ჩემს სკოლას მიუძღვის. იმ მიღწევების დიდი ნაწილი, რომლითაც საზოგადოების ყურადღება დავიმსახურე, ჩემი სკოლის პედაგოგებისა და დირექციის მიერ მოპოვებული, უზრუნველყოფილი შესაძლებლობების ნაყოფია.

– ვიცი, რომ თვითგანვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ…

– დღეს, როცა ჩემი საქმიანობა უკვე საჯაროა და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად მიწევს, ვცდილობ, ჩემს მშობლიურ ფესვებს არ მოვშორდე. ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უჭირავს თვითგანვითარებას – მიყვარს სიახლეების ძიება და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართვას. ასევე მიყვარს მოგზაურობა და ახალი კულტურების გაცნობა-შესწავლა. აქტიურად ვარ ჩართული სოციალურ პროექტებში, რაც არა მხოლოდ ჩემი ინტერესების რეალიზებაში მეხმარება, არამედ საზოგადოებისთვის დადებითი იმპულსების გაზიარებაშიც.

– ოჯახი რამდენად გიჭერს მხარს?

– მშობლების მხარდაჭერას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. მამა, ჯამბულ ჩიქოვანი – პროფესიით ინჟინერ – მშენებელია, მაგრამ ამჟამად პროფესიით არ მუშაობს. რადგან აქტიურად არის ჩართული ჩვენი საოჯახო სასტუმროს მართვაში, რომელიც მუხურში, ლუგელის ხეობასთან ახლოს მდებარეობს. დედა – შორენა ხოშტარია – პრაქტიკოსი ექიმ-სტომატოლოგი, სენაკში სტომატოლოგიური კლინიკა “ონოვა დენტის” დამფუძნელია. ამასთანავე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის სამეგრელოს რეგიონალური წარმომადგენელი და საკოორდინაციო საბჭოს წევრია.
მითხარი, რომ ამერიკაში პერიოდულად კარიერული და პიროვნული ზრდისთვის ჩადიხარ ხოლმე

– დიახ, ამერიკაში პერიოდულად ჩავდივარ და ეს მიმოსვლები ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოგზაურობა.

როცა ამერიკაში პირველად ჩავედი 13 წლის ვიყავი. მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ბატონ დავით სონღულაშვილისა და ტოლია კილასონიას მენტორობით მეწყერსაშიში ზონებისთვის შევქმენით ხელსაწყო, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ აცნობებდა. აღნიშნული ხელსაწყოთი კონკურსში პირველი ადგილი დავიკავეთ და ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ჰიუსტონში, ნასას კოსმოსურ ცენტრში გავემგზავრეთ.

– ამის მერე როდის და რა მიზნით ჩახვედი ამერიკაში?

– პირველი ვიზიტის შემდეგ, ამერიკას, 19 წლის ასაკში მარტო ვეწვიე 2.5 თვით. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი სწორედ მაშინ გავიარე. ბევრჯერ, უკან, თბილ სახლში დაბრუნებაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს დანებება იქნებოდა, ამიტომ დავრჩი და ნიუ-იორკის სწრაფ ტემპს და რთულ გამოცდებს ბოლომდე გავუმკლავდი.

– როგორია შენს მიერ „აღმოჩენილი“ ამერიკა?

– ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მუდმივად ცვლიან სტანდარტებს, ეძებენ სიახლეს და გამოწვევებს არ უშინდებიან.  სწორედ ასეთ გარემოში ხდები უფრო გაბედული, უფრო ხილვადი და მზად ხარ, რომ შენი იდეები სხვა მასშტაბზე აიყვანო. ეს იყო დრო, როცა საკუთარ თავს სხვა რაკურსით უყურებ და ახალ გამოცდილებებს იღებ. ამერიკაში გავეცანი განსხვავებულ მიდგომებს, პერსპექტივებს და საქართველოში დაბრუნებული ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენებას დღემდე ვცდილობ.

– ამერიკის მერე როგორ გაგრძელდა შენი წარმატებები?

– პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ წელს მონაწილეობა მივიღე Change the World Model United Nations (CWMUN) კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც 133 ქვეყნიდან ჩასული დელეგატები საერთაშორისო დიპლომატიის პრინციპებს გავეცანით და პატივი გვქონდა გავსაუბრებოდით საერთაშორისო ლიდერებს. ეს შეხვედრები ფასდაუდებელი გამოცდილება იყო, რომელმაც არა მხოლოდ ცოდნა გააღრმავა, არამედ ახალგაზრდების ჩართულობა გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ბევრი ალბათ ვერ გაუძლებდა ცდუნებას და ასეთი გამორჩეული გარეგნობით სამოდელო ბიზნესს ან კინო- სამყაროს მიაშურებდა. ამ თემაზე თუ გიფიქრია?

– ამ სფეროებზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია, არა იმიტომ, რომ გარე შთაბეჭდილებებს მივყვები, არამედ იმიტომ, რომ კამერის წინაშე ვიზუალური თვითგამოხატვა და ემოციის გადმოცემა ყოველთვის მაინტერესებს. ამიტომ ეს სფერო ჩემთვის დღემდე საინტერესო გამოწვევად რჩება.

– რაიმე შემოთავაზება თუ გქონია?

– დიახ, სამოდელო ბიზნესიდან შემოთავაზებები როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც მქონდა. თუმცა ჩემთვის მთავარია, რამდენად ეხმიანება ეს გზა ჩემს შინაგან მიზნებსა და ფასეულობებს. მართალია, კამერის წინაშე თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ ვარ მზად, რომ სამოდელო სფეროში დამკვიდრებულ პასუხისმგებლობებს შევეჭიდო.

როგორია გვანცა ჩიქოვანის ოცნება?

– ჩემი ოცნება ერთ კონკრეტულ მიზანს არ ებმის, ის უფრო მდგომარეობაა, შინაგანი თავისუფლებისა და ჰარმონიის. მინდა, ვიყო იქ, სადაც შემიძლია გავლენა მოვახდინო – პოზიტიური, შთამაგონებელი, სამაგალითო გავლენა.

– დღეს რა ხდება შენს ცხოვრებაში და რა განწყობაზე ხარ?

– ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და მინდა, რომ მიზანს სულიერი სიმშვიდითა და თავდადებით მივაღწიო, საკუთარი თავი შევიცნო, ვიპოვო და გავზარდო. ახლა თვითგამორკვევის ეტაპს გავდივარ, ამ დროის მანძილზე დავინახე, შევიცანი ინტერესები და მიზნები, რომლის მიღწევაც ცხოვრებაში მინდა, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ მათ არ გავასაჯაროებ.

 სილამაზეეს უპირატესობაა თუ პასუხისმგებლობა?

– ჩემთვის სილამაზე პირველ რიგში, უფრო საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობაა. გარეგნობა ყურადღებას ნამდვილად იპყრობს, მაგრამ სწორედ ამიტომაც სილამაზეს თან ახლავს ვალდებულება, რომ იყო ნამდვილი, ღირებული და შინაარსიანი. მოხარული ვარ, რომ ის, რასაც ყოველდღიურად შრომით, სიყვარულით და ხშირად თავდაუზოგავად ვქმნი, რეზონანსს პოულობს. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც სწორად გავაკეთე. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც დრო დამითმო, ჩემი ფოტო გააზიარა, კომენტარი დაწერა და  გულწრფელად დამიჭირა მხარი.

– შენთვის როგორია ლამაზი ადამიანი?

– ვფიქრობ, ჭეშმარიტად ლამაზია ადამიანი, რომლის გარეგნობა მისი შინაგანი სამყაროს ანარეკლია – მშვიდი, მყარი და გულწრფელი. თუ გარეგნობა ამ სულს სწორად წარმოაჩენს, მაშინ ის მართლაც ღირებულ რესურსად იქცევა, არა მარტო საკუთარი თავისთვის, სხვებისთვისაც…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები