✅ დაღესტანი – ქართულენოვანი მხარე, რომელსაც კახეთის მთიულეთი ეწოდებოდა
ორი დიდი მეზობელი ქვეყნის, საქართველოსა და დაღესტნის ურთიერთობათა ისტორია საუკუნეებს ითვლის და სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვანაირად ვლინდებოდა. სახელწოდება „დაღესტანი“XVII ს-დან არის ცნობილი და შედგება თურქულ–ირანული სიტყვებისგან: დაგ – თურქულად მთას/მიწას/ქვეყანას ნიშნავს, ხოლო ესთან – გეოგრაფიული ადგილის მაწარმოებელია ირანულად. ამის გამო ჩრდილოეთ კავკასიის, როგორც ტერიტორიით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ ქვეყანას ხშირად „მთების ქვეყანად“ და „ენების მთად“ მოიხსენიებენ.
თუ ქართულ – დაღესტნურ ურთიერთობებს ზოგად ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია 4 პერიოდი გამოვყოთ:
- მშვიდობიანი ურთიერთობის, კულტურულ–ეკონომიკური კავშირების პერიოდი, რომელიც გრძელდება დაღესტნის სრულ გამაჰმადიანებამდე;
- ლეკიანობა და ბრძოლები – XIV–XIX ს.ს;
- საბჭოთა პერიოდის ქართულ–დაღესტნური ურთიერთობები და
- პოსტსაბჭოთა საქართველოს და დაღესტნის რესპუბლიკის ურთიერთობები, ანუ თანამედროვეობა.
პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ დაღესტნის ნაწილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთთან. ეს ასახულია როგორც ლინგვისტურ მონაცემებში, ასევე ტრადიციებში. შემორჩენილი ტრადიციით დიდოელთა ერთი ნაწილი თავიანთ მთავარ დღესასწაულზე თუშეთში გადმოდიოდა და აქ აღნიშნავდა მას, კლავდა საკლავს. პოლიტიკური თვალსაზრისით, დაღესტნური ტომები შემოდიოდნენ საქართველოს მფარველობის ქვეშ. მიუხედავად ირანელების, არაბების თუ თურქ–სელჩუკების მიერ განხორციელებული ექსპანსიისა, დაღესტნელები წყაროებში ჩანან საქართველოზე ორიენტირებულ ძალად. ამის ტენდენცია ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან დასტურდება. ქართლის მომავალ მეფეს აზოს წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მთიელებთან ერთად კავკასიელი მთიელები, „ოვსნი და ლეკნი“ დახმარებიან, რადგან მათ არ სურდათ აზოს მოხარკეები გამხდარიყვნენ. ქართლის ცხოვრებაში მათთან ერთად ასევე იხსენიებიან დიდოელები და ხუნძები. როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო კარი აქტიურ პოლიტიკურ თანამშრომლობაში იყო კავკასიელ მთიელებთან და საჭიროების შემთხვევაში იყენებდა მათ დამხმარე ძალად.
როგორც მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე აღნიშნავს, დასავლეთ დაღესტანი ერთ დროს, კერძოდ კი თემურლენგის შემოსევამდე, ქართულ კულტურულ არეალში შემავალი ჩვეულებრივი ქართულენოვანი მხარე იყო, მას ეწოდებოდა კახეთის მთიულეთი, მოსახლეობით, რომელიც შეადგენდა საქართველოს საპატრიარქოს სამრევლოს. აქ ქართულენოვანი ეკლესიები, საეპისკოპოსოები და, მოღწეული წყაროს მიხედვით 7 (შვიდი) ქართული სასულიერო სასწავლებელიც კი არსებობდა.
დაღესტან-ჩეჩნეთ-ინგუშეთის ქრისტიანულ სამრევლოს, სოფლებსა და ეკლესიებს საქართველოს პატრიარქებიც სტუმრობდნენ. თემურლენგის შემოსევამდე ნახევარი საუკუნით ადრე დაღესტანისა (ხუნძთა) და ჩეჩნეთ-ინგუშეთის (ნახჩთა) ქრისტიანული სამწყსო მოიხილა საქართველოს პატრიარქმა ექვთიმემ – „…პატრიარქმან ჩუენმან ექთიმე მოიხილა კახეთს ანწუხისა საეპისკოპოზო და მიერითგან გარდმოვიდა წახურს, კაკ-ელისენს და მოვლო საყდარნი: კასრი სამებისა, ყუმი ღმრთისმშობლისა… კუალად საყდარნი ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქანისა, მაჯ-ფიფინეთისა, ფერიჯან-მუხახ-მამრეხისა და ყოვლისა ვაკისა, ესე იგი არს ძუელისა მოვაკანისა და ელისენისა, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალაზნისა, და ამან სანატრელმან ექუთიმე მიბრძანა ქურმუხისა მთავარეპისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარსა კვირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეული-ათვის ეკლესიისა…“ (ანდერძ-მინაწერი მაღალაშვილისეული სახარებისა). ჩეჩნეთ-დაღესტანში მოგზაურობის დროს პატრიარქმა თავდაპირველად ანწუსის კათედრა მოილოცა.
დაღესტანში შემოსულმა ე.წ. „სინურენოვანმა“ ტომებმა ქართული წარმოშობის ლეკების ასიმილირება შეძლეს, რის შედეგადაც ახალი შერეული ხალხი ჩამოყალიბდა, თუმცა დაღესტნის ზოგიერთ კუთხეში თავიანთი ქართული წარმომავლობა გვიანობამდე ახსოვდათ, რაც წყაროებით და დოკუმენტებით დასტურდება.
დაღესტანში უცხოტომელთა შემოსვლამ განაპირობა მოსახლეობაში ისლამის გავრცელება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები დაღესტნის მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენდნენ, ისინი სოციალურად დაბალ საფეხურზე იდგნენ, თან მომხვდურებთან დამარცხებული ხალხი იყო და ძალაუნებურად მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცა.
დღეს დაღესტნელები მაჰმადიანები არიან, მაგრამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ვითარება იყო. ისლამი, მართალია უკვე VII ს -დან იწყებს გავრცელებას, მაგრამ საბოლოოდ დასამკვიდრებლად 6–7 საუკუნე და მეტი დასჭირდა. აქ ძლიერი იყო ძველი წარმართული რწმენა–წარმოდგენები და ქრისტიანული კერები. სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ქართველთა მისიონერული მოღვაწეობა დაღესტნის ტერიტორიაზე. ამას მოწმობს, როგორც შემორჩენილი წერილობითი წყაროები, ასევე არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის ხუნძახის პლატოზე აღმოჩენილი ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები, დამტვრეული ქვის ჯვრების ფრაგმენტები ქართულ-ასომთავრული და ნუსხა-ხუცური წარწერებით, რაც X-XI ს.ს–-ებით თარიღდება.
ამავეს ადასტურებს შამილის რაიონის სოფ. დათუნაში, ავარიის ყოისუს ხეობაში მდებარე დათუნას ეკლესია. ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ეკლესიათაგან დათუნას ეკლესია ერთადერთია, რომელიც კარგად იქნა შემონახული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებაა.
აიშატ მაგომედოვნა აზიზუალევა – გუნიბის რაიონის სოფელ სოგრატლის კულტურისა და დასვენების ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი