„ეხლა მარტუამ უნდა ვიომო!“ – ჯუთას მცველი მარტოხელა მესაზღვრე
ჩემი ინტერვიუერი სახელ-გვარითა და რაც მთავარია, ცხოვრების წესით, საქართველოსა და მთის შვილებზე დაწერილი პატრიოტული მოთხრობის გმირს ჰგავს. სიტყვა გმირიც მხოლოდ კონტექსტის შესაბამისად არ მიხსენებია. დარწმუნებული ვარ, ჩვენში ბევრს არ შეუძლია ზეზვა არაბულის მსგავსად, თავისი ქვეყნის სიყვარული და მის სამსახურში ყოფნა უცხოურ კომფორტზე არ გადაცვალოს.
მისი ამბავი სოციალური ქსელების დახმარებით უკვე ბევრმა გაიგო. ვინც ჯერ არ იცის, მოკლედ ვუამბობ, რომ საქართველოს მთიან სოფელში ცხოვრობს მესაზღვრე, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ჩეჩენ–ინგუშეთის საზღვრის სადარაჯოზე დგას. პროფესიით მშენებელ–ინჟინერი, მცხეთა მთიანეთის რაიონის სოფელ ჯუთაში ოჯახთან ერთად მას შემდეგ დასახლდა, რაც აქ საზღვარი გაიხსნა. ყაზბეგის რაიონში ეს ერთადერთი სოფელია, სადაც ხევსურები, მხოლოდ არაბულები ცხოვრობენ.
„ეხლა მარტუამ უნდა ვიომო!“ – ეს სიტყვები საჯარო სივრცეში ერთხელ დაწერა და სიმართლეცაა, რადგან ადგილობრივ პრობლემებთან ბრძოლა ხშირად მართლაც მარტო უწევს ხოლმე. პრობლემებზე წუწუნს არ არის მიჩვეული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს. ახლა, როცა გაზაფხულზე წამოსულმა თოვლმა ჯუთას მცხოვრებლებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა, დავუკავშირდით მას და ამ საზღვრისპირა სოფლის დღევანდელ ცხოვრებაზე გავესაუბრეთ.

– ბატონო ზეზვა, ამ გაზაფხულზე ზამთარი რომ მოგვიბრუნდა, სოციალურ ქსელებში ეს სიტყვები დაწერეთ: „თოვლი თოვს, ქარი ბობოქრობს, მთები შაიკრა ჯუთისა. ადვილ ნუ გგონავთ ცხოვრება ჯუთას მარტუა კაცისა“. რა ხდება ჯუთაში?
– ამ თოვლმა უფრო გაართულა ცხოვრება. დღეს ოფიციალურად გზა დაკეტილია და ტრაქტორიც ვერ შემოგვყავს. სანამ თოვლის ზვავები დადნება ხელით გვიწევს გზის გაჭრა. პროდუქტების მარაგს ჯერ აგვისტოს თვეში, შემდეგ, 6-7 თვის სამყოფს შემოდგომით ვავსებთ, მაგრამ მალფუჭებად საკვებს ბევრს ვერ ვყიდულობთ. ამიტომაც გვჭირდება გზა, რომ პროდუქტები გაზაფხულზეც მოვიმარაგოთ. სოფლებში უნდა იყოს გზა და ხიდები, რომ ადამიანმა პროდუქტი და სამშენებლო მასალები ადგილზე მიიტანოს.
– გზის გარდა კიდევ რა უჭირს ჯუთას?
– სასიცოცხლოდ აუცილებელია ელექტროენერგია, გაზი და წყალი. სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს სოფლების განვითარებით. უნდა არსებობდეს პროგრამა მათთვის, ვინც ცხოვრების დაწყებას სოფელში აპირებს, თუნდაც დაბალპროცენტიანი სესხი რომ გაიცეს. კარგი იქნება რაიმე სახის წახალისება ან ერთჯერადი სესხი არსებობდეს. ეს ადგილი არ უნდა დაცარიელდეს და ამისთვის დახმარება გვინდა. ამ კუთხიდან იწყება ჩემთვის სამშობლო, რომელიც ქართველისთვის ყველაფერია. თუკი ადამიანს თავისი მიწა და მშობლიური კუთხე არ უყვარს, გამოდის, რომ საერთოდ არავინ უყვარს.
– მახსოვს, რომ ადრე სურვილი გქონდათ ტურისტები საკუთარ სახლში მიგეღოთ…
– სურვილი ახლაც მაქვს, მაგრამ გარემოება არ მიწყობს ხელს. ჯუთა ტურისტული სოფელია და ადრე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ძირითადად ისრაელიდან ჩამოდიოდნენ. მათ აქაური სუფთა ჰაერი და ულამაზესი ბუნება თავისი ჭიუხებით ძალიან მოსწონთ. თუმცა იმის გამო, რომ გზა უკვე მესამე წელია დაკეტილია, მათი ჩამოსვლა ალბათ გაჭირდება, ვიცი, რომ ამ მიზეზით ბევრი უცხოელი აუქმებს ჯავშანს.
– სოციალურ ქსელებში ხშირად დებთ ხოლმე ჭიუხების ულამაზეს ფოტოებს და ვიდეოებს…

– დიახ, მინდა ბევრმა დაინახოს და აქ ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. აქაურობა რაც შეიძლება ბევრმა მინდა ნახოს და შეიყვაროს. ნამდვილი საქართველო აქ არის. ჯუთაში ხშირად ჩამოდიან პოეტები. დღეს საქართველოში ძლიერი პოეტები – ტარიელ ხარხელაური და მანანა ჩიტიშვილი არიან, თუმცა ეს ჩემი აზრია. მანანა ჩიტიშვილმა და მე ვიდობილ – ვიძმობილეთ, ანუ და ძმად გავიფიცენით. ძალიან მიყვარს მისი ლექსები. ჩვენი საუბარი კარგი ამბით მინდა დავასრულო. ჩემი საოჯახო სასტუმრო „ვეშაგი“ მაისიდან იხსნება. Booking.-ზე ასე დევს-Hotel „Veshagi“. ასე, რომ ველოდები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს, რათა მათ ჩვენებურად, ქართულად ვუმასპინძლო.
თეონა გოგნიაშვილი