საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა
ბრატისლავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა სოლომონ მანაშვილი (125 კგ) – მან ფინალი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან დათმო. ქართველი სპორტსმენისთვის ეს სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.
ფინალამდე სოლომონ მანაშვილმა მოლდაველი გეორგ ერჰანი, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე აზამატ ხოსონოვი, ნახევარფინალში კი პოლონელი კამილ კოშციოლეკი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძემ(92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე იარასლაუ იადკუსკი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე მირიან მაისურაძემ მერვედფინალში პოლონელ ცეზარი სადოვსკის, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ადლან ვისხანოვს სძლია; ხოლო ნახევარფინალი აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან დათმო.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა. ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა: ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ტურნირზე ბრინჯაოს მედლები კი აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.