კუნძულ ტექსელზე, საზეიმოდ გაიხსნა 1945 წლის აჯანყებაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტი

9 აპრილს, ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, საზეიმოდ გაიხსნა 1945 წლის აჯანყებაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტი.

კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეწარმე და კულტურის ქომაგი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი, თინათინ სვანიძე-ვენკოა, რომელსაც იდეის განხორციელებაში, მხარი დაუჭირა ტექსელის მერიამ, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა.

„თამამად ვიტყვი, დღეს ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის! ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, რომელსაც პატარა საქართველოს ეძახიან, დღეს საზეიმოდ ვხსნით 1945 წლის აჯანყებაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტს! ტექსელის მერიისგან მოვიპოვეთ ნებართვა, რომ ეს ულამაზესი მონუმენტი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, აღმართულიყო! 🇬🇪

აღელვებულს, მიჭირს ემოციებისა და ცრემლების შეკავება, როცა სიამაყით ვუყურებ თვალისმომჭრელ ქანდაკებას. მადლობა უფალს, რომ მომეცა შესაძლებლობა, სათავეში ჩავდგომოდი ამ ეროვნულ საქმეს და დამეფინანსებინა მონუმენტის შექმნა და აღმართვა. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ორწლიანი შრომის შემდეგ ეს დღეც დადგა და რა სიმბოლურია, რომ დღეს 9 აპრილია!..🇬🇪

როგორც იცით, 2 წლის წინ ტექსელის აჯანყებაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალური დაფა დავდგით და უამრავმა ადამიანმა სწორედ ჩვენი საშუალებით იპოვა დაკარგული წინაპარი. ახლა კი ამ შთამბეჭდავი ისტორიული მონუმენტის აღმართვით თითქოს ჯამდება ჩემი მოღვაწეობა ნიდერლანდების სამეფოში. მონუმენტს საქართველოს დროშა და წარწერა ამშვენებს ჩვენი ჰიმნიდან: “დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!” ცენტრში კი ვხედავთ ცისკენ აჭრილ მტრედებს, რომლებიც სიმბოლურად ქართველი გმირების სულებს განასახიერებენ. დიდი მადლობა ამ გენიალური მონუმენტის დიზაინის ავტორს, მოქანდაკე დევი ხმალაძეს.

რას ვგრძნობ? ვგრძნობ, რომ საბოლოოდ მოვიხადე ვალი ზუსტად 80 წლის წინ დაღუპული 565 ქართველი გმირისადმი მათი ხსოვნის უკვდავყოფით. ახლა კი დარწმუნებული ვარ, ისტორია არ დაივიწყებს ჩვენი გმირების თავგანწირვას და მათი სახელები სამუდამოდ დაუკავშირდება ჩვენს სამშობლოს. ახლა, როცა ისტორიული სამართლიანობა აღდგა, მშვიდად შეუძლიათ განისვენონ მათ სულებს!..♥️🇬🇪

ვინც ჯერ კიდევ არ უწყის ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ კუნძულ ტექსელზე შედგა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლა. მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომში გამარჯვებას ზეიმობდნენ, ნიდერლალდებში, ამსტერდამიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, კუნძულ ტექსელზე ქართველი აჯანყებულები ჰიტლერის მეომრების წინააღმდეგ უშეღავათო და სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. მტერი მათ რაოდენობრივადაც და შეიარაღებითაც საგრძნობლად აღემატებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არავის უფიქრია დანებება. ბრძოლის ველზე 565 ქართველი დაეცა!

დიდება მათ ნათელ ხსოვნას! დიდება და გამარჯვება საქართველოს!🇬🇪🇬🇪🇬🇪“ – წერს სოციალურ ქსელში თინათინ სვანიძე-ვენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები