ილია სვიანაიძე: “ჩვენი მიზანია ასე შორს საქართველოდან ქართველმა ბავშვებმა არ დაკარგონ ქართული კულტურა და ადათ-წესები”

33 წლის ქართველი მოცეკვავე ილია სვიანაიძე 6 წლიდან ცნობილ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში „პატარა ვირტუოზები”(ქორეოგრაფი გია დავითაშვილი) ცეკვავდა, შემდეგ კი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლში „ერისიონი“. ასევე, თურქეთში 2 უდიდეს შოუში “ანატოლიის ცეცხლი” და “ტროა” მონაწილეობდა.

2017 წელს ილია სვიანაიძე და მისი მეგობრები წარმატებით გამოვიდნენ ამერიკულ პროექტში „American got Talent“, რის შემდეგაც ბატონმა ვიქტორ სირელსონმა იგი ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში „Dancing crane company-Georgian culture center“ როგორც  მოცეკვავე და ბავშვთა ქორეოგრაფი მიიწვია.

ილია და მის მეუღლე თამარ წივილაშვილი უკვე 4 წელია ანსამბლს „ლეგენდები“ წარმატებით უძღვებიან.

მათ დიდი სიყვარული და აღიარება მოიპოვეს ამ 4 წლის განმავლობაში, ისინი უამრავ მოწვევას იღებენ ამერიკული კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან. მათ ბევრი წარმატებული პროექტი ჰქონდათ, მათ შორის ერთ – ერთი გამორჩეული პროექტი იყო 2023 წელს დადგმული ცეკვა აჭარული ლაზურით, რომელიც შეიქმნა დიდი ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიის ინსპირაციით, სადაც აღბეჭდილია თევზაობის, ბადის ქსოვის, ტალღებისა და ზღვის იმიტაციის უძველესი ილეთები, გათანამედროვებული და ბავშვებზე მორგებული.

ამ ცეკვის შექმნის შემდეგ წამოვიდა იდეა დადგმულიყო ცეკვა ხორუმი და ასევე დაწერილიყო პროექტი, რომელიც გაიგზავნებოდა ნიუ – იორკის ხელოვნების საბჭოში – New York Council for the Arts, სადაც იმ დროს ტარდებოდა კონკურსი ნიუ – იორკში არსებული არტისტების Artist Grant (მოცეკვავეების) დასაფინანსებლად.

ამ სფეროში იმდენად დიდია კონკურენცია, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველები გაიმარჯვებდნენ…

ილიამ  გააგრძელა პროექტზე მუშაობა. დასრულებულ ცეკვას მაყურებელი იხილავს ქართული კულტურის ცენტრის ყოველწლიურ ფესტივალზე „ხორუმი ქართული ცეკვაა”, რომელიც 10 მაისს, მანჰეტენზე, Kaye playhouse-ში გაიმართება.

 

„რა თქმა უნდა, ამ ცეკვაზე მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია და წინ კიდევ ბევრი საქმეა, მაგრამ ეს ფაქტი უდიდეს მოტივაციას გვაძლევს, რომ სწორად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს… იმედი გვაქვს, რომ წინ უფრო დიდი მიღწევები გვექნება და ჩვენს ანსამბლს „ლეგენდები“ და ქართულ კულტურას მთელ ამერიკას, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს გავაცნობთ.

ჩვენი მიზანია ასე შორს საქართველოდან ქართველმა ბავშვებმა არ დაკარგონ ქართული კულტურა და ადათ-წესები, სწორად აღიზარდონ, შეიყვარონ და შეაყვარონ ამერიკის აუდიტორიას ქართული ცეკვა“, – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას ილია სვიანაიძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები