ევროპის ჩემპიონატის ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო
ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. მან ფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მაგომედ ყურბანოვი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მეოთხედფინალში გივი მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი, ნახევარფინალში კი უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ესპანელი მოჰამედ მოტაგინია ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ტურნირზე მან პირველი შეხვედრა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აჰმედ უსმანოვთან დათმო, ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა და უკრაინელი ვასილ მიხაილოვი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატზე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ოლექსი ბორუტა ანგარიშით 6:2 დაამარცხა.
აკაკი ქემერტელიძემ მეოთხედფინალში თურქი ჰაიდარ იავუზი დაამარცხა, ნახევარფინალი კი სომეხ არმან ანდრეასიანთან დათმო.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია: ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო.