ცოტნე ზედგინიძე ბერლინის კონცერტჰაუზში მაყურებელმა დიდი ოვაციებით დააჯილდოვა
პიანისტმა და კომპოზიტორმა ცოტნე ზედგინიძემ, ბერლინის კონცერტჰაუზში შუმანის, ბეთჰოვენის, ბერგის ნაწარმოები და საკუთარ ერთ-ერთ კომპოზიციას დაუკრა და დიდი ოვაციები დაიმსახურა – დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა. ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში თეონა ჯორბენაძემ გაავრცელა.
“ჩვენმა ცოტნემ ბერლინის ისტორიული დარბაზის მსმენელი ფეხზე დააყენა. ეს არის ჩვენი სიამაყე და ბედნიერება, ვულოცავ ცოტნეს ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ნიკოლოზ რაჭველს და ლიზას ბათიაშვილს, რომელთა გარეშეც ასეთი წარმატების მიღწევა რთული იქნებოდა. ლიზას საქველმოქმედო ფონდის Lisa Batiashvili Foundation დამსახურებით ახალი თაობის ქართველი მუსიკოსები უკვე საერთაშორისო სცენების ვარსკვლავები არიან, ყველა მათგანი ევროპის საუკეთესო მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია.
ბერლინში ცოტნეს პირველი სოლო კონცერტის მთავარი ორგანიზატორი Bernstein-ის სათაო ოფისი გახლდათ. ცოტნემ ბეთჰოვენის, ბერგის, შუმანის და ვაგნერის ნაწარმოებებთან ერთად საკუთარი კომპოზიციაც შეასრულა და რაც მთავარია, 15 წლის ქართველ კომპოზიტორს და პიანისტს ერთ-ერთმა საუკეთესო გამომცემლობამ გაუფორმა კონტრაქტი.
ეს არის ჩვენი ქვეყანა, გილოცავთ ყველას!”, – წერს თეონა ჯორბენაძე.