თბილისის ,,გრანდ-სლემზე” საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა
თბილისში „გრანდ სლემი” დასრულდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი: ორი ოქრო, ორი ვერცხლი, ხუთი ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
თბილისის „გრანდ სლემის” მესამე დღეს საქართველომ სამი მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) მიიღეს.
გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ინალ ტასოევთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე, კვიპროსელი და მონღოლი სპორტსმენები დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკი შოხრუხონ ბახტიოროვი დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი, უკრაინელი და უზბეკი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე სპორტსმენთან დათმო.
გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სლოვაკი პეტერ შილკა დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე მან ტაჯიკი, სერბი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ფრანგ სპორტსმენთან დათმო.
ტურნირის დასკვნით დღეს სპორტიდან გააცილეს წარმატებული ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი.
თბილისის „გრანდ სლემზე“ ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (-66 კგ) კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ტურნირის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, -81 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.