თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-დან 34 მედლით დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა – 18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშები ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, როგორიცაა მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა – ბირთვის და ბადროს სროლა, ძალოსნობა, ცურვა, სირბილი, სროლა შაშხანით და პისტოლეტით, მჯდომარე კალათბურთი, მჯდომარე ფრენბურთი.
პარასპორტული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შორის პრობლემების დაძლევაში გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან კომუნიკაციის დამყარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.