აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნები ტურისტულ ცენტრებში განთავსდება
აჭარის კულინარიული და სხვა ბეჭდური წიგნების აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. რეგიონში მდებარე 9 ტურისტულ ცენტრში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო 4 წელში დაბეჭდილი წიგნები განთავსდება. წიგნებს შორისაა „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური რეწვა აჭარაში“. აღნიშნული წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა მსურველებს სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ.
„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ იყო პირველი წიგნი, რომელიც ტურისტული პროდუქტების სააგენტომ მოამზადა. მასში აჭარაში არსებული 150-ზე მეტი კერძების, დესერტების, წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული. 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული წიგნში „ხალხური ტრადიციები და რიტუალები“, რომელიც 2023 წელს დაიბეჭდა. მათ შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. კიდევ ერთი კულინარიული წიგნია „თევზეული ქართულ სამზარეულოში“. მასში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები. რაც შეეხება წიგნს „ხალხური თამაშობები აჭარაში“ მასში აჭარაში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული, ხალხური თამაშია განთავსებული. წიგნის „ხალხური რეწვა აჭარაში“ მოსამზადებლად კი აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლა განხორციელდა, მასალა დასურათდა და გზამკვლევში გაერთიანდა. მასში ვრცელი თავები ეთმობა ფეიქრობას, მეთუნეობას, ხალხურ მეტალურგიას, ხითხურობას, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს მიერ დაბეჭდილი წიგნები არის უფასო და მისი აღება მსურველებს უსასყიდლოდ შეუძლიათ.