საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა
„თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები დაამარცხა და ამით კონტინენტის პირველობაზე მეორედ გასვლის შანსი კიდევ უფრო გაზარდა.
მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს ანგარიშით 28:26 სძლიეს. მატჩის საუკეთესო ხელბურთელად საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება, 8 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 11 მაისს კი სტუმრად დაუპირისპირდება ისლანდიის ნაკრებს. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებენ.