პარიზის პრესტიჟული კომპანიის ქართველი დიზაინერი და საბავშვო წიგნები მისი ილუსტრაციებით

საქართველოდან ხელოვნების სიყვარული და ბავშვობის ნათელი ამბები გაჰყვა. გარკვეულად, ალბათ ესეც დაეხმარა, რომ საფრანგეთში მიეღოთ და ეღიარებინათ, როგორც თავისი სფეროს პროფესიონალი. დღეს ფრანგული კომპანიის „ედენრედი“ (Edenred) დიზაინერია, იქ მის მიერ ილუსტრირებული ორი საბავშვო წიგნია გამოცემული. საუბარია დიზაინერ – ილუსტრატორზე, ნუკი ტოტოსაშვილზე.

პარიზამდე საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა. თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, პროფესიული გამოცდილება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მიიღო. პირველი გამარჯვება მაშინ აღნიშნა, როცა მისი დიზაინით შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები დაიბეჭდა. ალბათ ეს ფაქტიც გახდა იმის სტიმული, რომ სწავლა საფრანგეთში გაეგრძელებინა.

პარიზში ფრესკა – მოზაიკის განხრით ხელოვანის დიპლომი აიღო. მაგისტრატურა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით (art direction) დაამთავრა. თუ როგორია სამი შვილის დედის ცხოვრება და საქმიანობა საფრანგეთში, ამას მასალით შეიტყობთ.

– ნუკი, რადგან ყველაზე დიდი შთაბეჭდილებები ბავშვობიდან მოგვყვება, საუბარიც აქედან დავიწყოთ…

– მიუხედავად იმისა, რომ იმ ბნელ 90-იანებში გავიზარდე, ჩემი ბავშვობა ძალიან ფერადი და ხალისიანი მახსენდება, რაც პირველ რიგში, ჩემი მოსიყვარულე ოჯახის დამსახურებაა. ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან მყავდა მზრუნველი მშობლები, რომლებიც მე და ჩემს პატარა ძმას არაფერს გვაკლებდნენ, ასევე მყავდა ორი ბებია-ბაბუა. 89 წლის ლამარა ბებია ახლაც მყავს და ამ სტატიით მას კოცნას ვუგზავნი.

– იმდროინდელი ყველაზე ფერადი მოგონება რას უკავშირდება? 

– ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონებები გურიაში გატარებულ დროს უკავშირდება. ბიძაშვილები სოფელ ხიდისთავში, ბებიების სახლში, ყოველ ზაფხულს ვიკრიბებოდით. ჩასვლისთანავე კუდის ქნევით გვეგებებოდა ერთგული მეგობარი ბათურა და მერე იწყებოდა ჩვენი თავგადასავალი: ტყეში, მდინარეზე, ფერმაში… მთელი ბავშვობა ვაშენებდი ქოხს და მახსოვს, ჩემებურად „ვიკვლევდი“ ბუნებას. ის ამბები დღემდე მომყვება…

– ეს ყველაფერი მერე, ალბათ შენი ნახატების სიუჟეტებშიც აისახა. ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში სწავლობდით…

– სამხატვრო სკოლაში სწავლის დროს ფანტაზიის გასავითარებლად სრულ თავისუფლებას გვაძლევდნენ. ათასნაირად მორთული სკოლის ადგილიც ძველ თბილისში ძალიან შემოქმედებითი იყო. მახსოვს პირველი გამოფენა-კონკურსი, რომელზედაც გავიმარჯვე და ჩემი პირველი, პატარა ინტერვიუც მაშინ შედგა. ვერნისაჟებისდმი სიყვარულიც ბავშვობიდან მომყვება.

თქვენი, როგორც დიზაინერ – ილუსტრატორის ყველაზე წარმატებული პროექტები რომელია?

– დიზაინერ – ილუსტრატორის პირველი პროფესიონალური გამოცდილება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მივიღე. იქ როგორც ილუსტრატორი ისე მივედი, მაგრამ ბატონმა ბაკურმა ჩემში დიზაინერი დაინახა და სამსახური შემომთავაზა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას და თინა მამულაშვილს ნდობისა და იმ შანსისთვის, რაც მათ მომცეს და რამაც, ფაქტობრივად, ჩემი მომავალი პროფესია განსაზღვრა. იმ დროს გაცნობილ არაჩვეულებრივ ადამიანებთან დღემდე ვმეგობრობ. მაგ პერიოდში, მეოთხე-მეხუთე კლასის ბუნების სახელმძღვანელოებისთვის შექმნილი ჩემი ილუსტრაციებიანი წიგნებით ბავშვებმა რამდენიმე წელი ისწავლეს. ეს ფაქტი დღემდე მეამაყება და მახარებს.

– როცა სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში ჩახვედით, ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ფრანგულ და ქართულ გარემოს შორის რა იყო, რაც ურთიერთობებზეც აისახა?

საფრანგეთში ჩასვლისთანავე მივიღე კულტურული შოკი. განსხვავება ფრანგული და ქართული ცხოვრების და სწავლის სტილს შორის თვალშისაცემი იყო. თუმცა ახლა ყველაფერს ისე მივეჩვიე, რომ ნორმად მიმაჩნია. აქ სწავლა საკმაოდ რთული, სწრაფი და მომთხოვნია. დღემდე სტრესთან ასოცირდება ფრანგული დიპლომის დაცვა. ეს იმდენად რთულია, რომ მახსოვს, დიპლომი ყველამ ვერ აიღო. განსაკუთრებით უჩვეულო იყო ჩემთვის კომპეტენტური ჟიურისა და ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა. ფრანგებისთვის მსგავსი გარემო ცოტა სტრესულია ხოლმე და მახსოვს ფრანგ მეგობრებს როგორ ვამშვიდებდი –  ყველაფერი კარგად ჩაივლის მეთქი. ურთიერთობას რაც შეეხება, გაუცხოება არასოდეს მიგრძნია, ყოველთვის თავისიანად მთვლიდნენ.

პარიზის ერთ-ერთი პრესტიჟული კომპანიის დიზაინერი როგორ გახდით?  

მაგისტრატურის ბოლო კურსზე გავაკეთე ე.წ. „ალტერნანსი“, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლასთან ერთად უნდა მემუშავა. ძალიან მომწონს ეს პროგრამა, რადგან სტუდენტს საშუალებას აძლევს, რომ სწავლის დროს შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. ეს კი კარიერის განვითარებაში ხელს შეუწყობს. ამ დროს სწავლას თავად კომპანია აფინანსებს და ხელფასსაც ის გიხდის. როცა ჩემი ერთწლიანი „ალტერნანსი“ დავასრულე, უვადო კონტრაქტი შემომთავაზეს. ასე გავხდი ფრანგული კომპანიის „ედენრედი“ (Edenred) დიზაინერი. ამ ფრანგულ ფინანსურ კომპანიას თავისი ფილიალი 45 ქვეყანაში აქვს. მე კომპანიის სათავო ოფისის კომუნიკაციების დეპარტამენტში ვმუშაობ. ჩვენ ვქმნით ბრენდის სახეს, ტონალობას და მის გრაფიკულ მხარეზე ვზრუნავთ. საერთაშორისო ივენთის დროს გრაფიკულ მიმართულებას და ვიზუალების ნაკრებს 45 ქვეყანაში ვაგზავნით, რომ შემდეგ თავის მომხმარებელს მოარგონ.

როგორია ფრანგებთან თანამშრომლობა და საქმიანი ურთიერთობა?

–  მე მყავს არაჩვეულებრივი პროფესიონალების გუნდი, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ყველაფერს დიდი კეთილგანწყობით აკეთებენ. მართალია, წუწუნი და ცოტა ჭორაობა აქაც სჩვევიათ ხოლმე, თუმცა ურთიერთობები საკმაოდ მარტივად ხდება. მაგალითად, აქ, კომპანიაში, ერთმანეთს შენობით ელაპარაკებიან, რაც ბარიერებს ხელოვნურად არ ქმნის…

– ფრანგი ბავშვებისთვის ილუსტრაციები რომელი წიგნებისთვის შექმენით?

– ძალიან მიყვარს საბავშვო ილუსტრაციებზე მუშაობა. ჩემი წიგნები 4-8 ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. 2021 წელს გამოვიდა ჩემი ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნი „ჭუჭყიანი უფლისწული“, (Prince Cracra). 2024-ში კი წიგნი დედიკოებზე, რომელშიც ბავშვები ჰყვებიან თუ ვის რატომ უყვარს თავისი დედა. ეს პროექტი ხაზს უსვამს სოციალურ თანასწორობას, ამიტომ თითოეულ გვერდზე განსხვავებული წარმომავლობის დედიკოა გამოსახული. ერთ-ერთ გვერდზე მე და ჩვენი სამი წლის შვილიკოც ვართ. ორივე წიგნი ჩემს შვილებს ეძღვნება.

– მაინტერესებს, თქვენ სამ შვილს ძილის წინ ქართულ ზღაპრებს უყვებით თუ ფრანგულს?

– ტომიკო ორენოვანია, თავისუფლად ესმის და საუბრობს როგორც ფრანგულად, ასევე ქართულად. ძალიან უყვარს მუჭანახევარას და სამი გოჭის ზღაპრები, ასევე ცნობილი ანიმაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“. რაც შეეხება, ორი წლის ტყუპს – ნიკოლას და ლუკასს, ისინი ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ მათ ქართულად ვზრდი, თუმცა ბაღში მალე აითვისეს ფრანგული და ახლა ორივე ენაზე ესმით. ამიტომ ჩემს შვილებს ზღაპრებს ორივე ენაზე ვუკითხავ. პირველ რიგში კი, მინდა, რომ ისინი სწორ ფასეულობებზე და კარგ ადამიანებად აღვზარდო, რაც ყველაზე მთავარია…

თეონა გოგნიაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები