საქართველოს მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით მონაწილეობს

მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველო 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და წარმომადგენლობითი დელეგაციით მიიღებს მონაწილეობას.

წიგნის ყოველწლიური ბაზრობა 11-13 მარტს, ტრადიციულად „ოლიმპია ლონდონში“ იმართება. საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოფენილია მწერალთა სახლის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული და ათამდე ქართული გამომცემლობის 200-მდე წიგნი.

მწერალთა სახლი ლიტერატურულ პროგრამას და სხვა ღონისძიებებს, როგორც სტენდზე, ასევე გარე ლოკაციებზე წარადგენს.

ქართული სტენდის სლოგანი შექმნილია იოანე-ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ინსპირაციით: „აღმოაჩინე ქართული საიდუმლო − რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“.

წარმოდგენილი იქნება X საუკუნის ხელნაწერის კოპიო.

“ქართული დელეგაციის წევრები, ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებთან და გამომცემლებთან.

მწერალთა სახლთან თანამშრომლობის სურვილი  20-ზე მეტმა  უცხოელმა გამომცემელმა გამოთქვა. ამისთვის მომზადდა სპეციალური ბუკლეტი და ინგლისურ ენაზე ითარგმნა 50-მდე ავტორის ნაწარმოებთა სინოფსისი. ეს მასალები საერთაშორისო თანამშრომლობების ფარგლებში, აღნიშნული დაინტერესებული მხარეებისთვის სათარგმნად და გამოსაცემად შეთავაზებული იქნება ეროვნულ სტენდზე.

სამი დღის განმავლობაში, სამუშაო შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია ექვს საჯარო ღონისძიებას გამართავს. თითოეული მათგანი გამდიდრებულია აუდიო-ვიზუალური მასალით, რაც დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გაეცნოს არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურას, არამედ კინემატოგრაფიას, მუსიკას, მხატვრობას.

დაგეგმილია იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი ტექსტის წარდგენა, რომელიც 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის ქართული სტენდის მთავარი მოტივია;

გაიმართება წარდგენა და დისკუსია გამოცემაზე „სიტყვა, როგორც მუსიკა და მოძრაობა“ − მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიის თანხლებით;

Royal Asiatic Society-ში (სამეფო აზიური საზოგადოება) გაიმართება ოლივერ და მარჯორი უორდროპების ღვაწლის აღნიშვნა თამარ მახარაძის მიერ მათ შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით;

ღონისძიების მეორე ნაწილში მწერალთა სახლის ინიციატივით დაწესებული „მადლიერების ჯილდო“, რომელიც გადაეცემათ უცხოელ ლიტერატორებს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის,  ლონდონის წიგნის ბაზრობაზე გადაეცემა ქართველოლოგ დონალდ რეიფილდს;

გაიმართება კარლო კაჭარავას  ლექსებისა და პროზაული ჩანაწერების მისივე ილუსტრაციებით გაფორმებული ინგლისურენოვანი კრებულის „ავტობიოგრაფიის მითი“ წარდგენა, რომელიც მწერალთა სახლის თანამონაწილეობით გამოიცა;

საქართველოს ეროვნულ სტენდზე ბრიტანული ორგანიზაცია Poetry Translation Centre (პოეზიის თარგმნის ცენტრი) ქართველ პოეტ ლია სტურუასთვის ჯილდოს მწერალთა სახლის წარმომადგენელს გადასცემს;

გაიმართება სპეციალურად ლონდონის წიგნის ფესტივალისთვის გამოცემული, მამია მალაზონიას ილუსტრაციებით გაფორმებული „ვეფხისტყაოსნის“, ქართული ხალხური ზღაპრების და სხვა წიგნების წარდგენა“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები