ფილადელფიაში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კუთხე გაიხსნება

26 აპრილს, ფილადელფიაში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები, სტუმრები, სენატორები და უამრავი დამთვალიერებელი ულამაზეს დიდ სივრცეში მოიყრის თავს.

საქართველო ამ ფესტივალზე პირველად ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტის და დიპლომატის, ლელა ვაშაკიძის დამსახურებით მოხვდა, სწორედ მან გამართა სენატორებთან და ფესტივალის დამფუძნებლებთან მოლაპარაკება და მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება და წელს, მისივე სურვილით, საორგანიზაციო საკითხებით დაკავებულია ლელა ნინუა, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავუკავშირდით მას და გვესაუბრეთ.

ჟურნალისტი, „Lelanicorporation“-ის დამფუძნებელი ლელა ნინუა: ფესტივალი იმართება უზარმაზარ შენობაში, სადაც 50 დროშა ფრიალებს, რამდენიმე საგამოფენო დარბაზია, აშენებულია იმპროვიზებული დიდი სცენა, სადაც ყველა თავის კულტურას წარმოადგენს. ყველა წარმომადგენელს აქვს ერთი, ან ორი მაგიდა. წელს, კიდევ ერთხელ, ფესტივალზე ქართული დროშა აფრიალდება. ჩვენ მინიმუმ სამი მაგიდა გვექნება. მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის მუსიკოსი გია ფეიქრიშვილიც დაუკრავს ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებს. მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ფიქრია კოხოძე იქვე შეასრულებს ფერწერულ ნამუშევარს… ჩვენი კუთხე სხვა კუთხეებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ ჩვენი ხელოვანები მასტერკლასებსაც ჩაატარებენ, ამით უფრო დიდ ყურადღებას მივიპყრობთ. აღსანიშნავია, რომ ეკატერინე ტუჩაშვილი მეორედ მონაწილეობს ფესტივალში, სწორედ ის გამოფენს წელს  პირველად აფხაზეთის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს. სხვათა შორის, მალე იგეგმება ეკა ტუჩაშვილის პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში სახელწოდებით „აფხაზეთი“. ასევე, მეორედ მონაწილეობენ მეთოჯინე ნატალია ალავიძე და ზაზა ქობულაშვილი, რომელთა თოჯინებმა და ტიხრულმა მინანქარმა შარშან ფილადელფიის კონგრესმენთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. წელს პირველად გამოიფინება ლევან ნინუას მინანქარი…

ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ფესტივალზე, ქართველები რითაც გამოვირჩებით ყველაფერი იყოს წარმოდგენილი. დიდ მადლობას ვუხდი ლელა ვაშაკიძეს ნდობისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალზე გამოვა და „ქართულ კვირას“, რადგან ყოველთვის პირველი აშუქებს ასეთ ინფორმაციას. სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის თქვენი ყურადღება დიდი საჩუქარია“.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 50 ქვეყნისგან განსხვავებით, ორგანიზატორის, ლელა ნინუას გადაწყვეტილებით, ეს იქნება არტი – მოძრავი გამოფენა და თუ თქვენ ხელოვანი  ბრძანდებით და  ცხოვრობთ აშშ -ში შეგიძლიათ ამ ექსპერიმენტის და ფესტივალის მონაწილე გახდეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები