„საქართველოს სინფონიეტამ“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს – „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა
თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ ასტორ პიაცოლას ოპერა-ტანგოს – „მარია ბუენოს-აირესიდან” პრემიერა გამართა.
ოპერა-ტანგო „მარია ბუენოს-აირესიდან“ საქართველოში პირველად დაიდგა. შემსრულებლები არიან „საქართველოს სინფონიეტა“- დირიჟორი – კორნელია ფონ კერსენბროკი (გერმანია), მთხრობელი – კარლოს კლაუმანსმოლერი (ესპანეთი). ქართველი და საერთაშორისო შემსრულებლების ერთობლივ წარმოდგენაში მონაწილეობენ მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ გოჩაშვილი, თორნიკე სახოკია, ლონდა კაცია, პაატა ვახტანგიშვილი და სხვები.
“„მარია ბუენოს-აირესიდან“, ოპერა-ტანგოს ჟანრში დაწერილი ერთადერთი ოპერეტაა. მისი პრემიერა ბუენოს-აირესში, 1968 წელს შედგა. ეს არის ისტორია ბუენოს-აირესში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ. ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო კაბარეები და ქალაქის ცენტრები, როგორ ამოწურა საბოლოოდ საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა.
ასტორ პიაცოლა, როგორც მის მშობლიურ არგენტინაში, უწოდებენ – „El Gran Astor“ („დიდი ასტორი“), მსოფლიოში აღიარებული მეოცე საუკუნის ტანგოს უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორია. ბანდონეონზე დაკვრის პარალელურად, ტრადიციულ ტანგოში თანამედროვე სტილის შემოღებით, მან ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მუსიკაში და ტანგოში ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ელემენტების შერწყმით გაჩნდა ახალი სტილი – “Nuevo Tango” („ახალი ტანგო“).
ასტორ პიაცოლამ, ტანგო, ღამის კლუბებიდან კლასიკური მუსიკის საკონცერტო სცენაზე გაიტანა და ასე დაიბადა „ახალი ტანგო“, რაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების ადამიანისთვის საყვარელი მუსიკა გახდა”, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.