საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის პირველი ნახევარი დამაჯერებელი ანგარიშით –  37:25 მოიგო. თუმცა, დანიელმა მოთამაშეებმა ზუსტად თამაშს მოუმატეს და თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. დანიელები სამქულიანებს ზუსტად ისროდნენ. მატჩის ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი სამქულიანი დუდა სანაძემ ჩააგდო და საქართველოს ნაკრები  ერთი წუთით ადრე 60:58 წინ გაიყვანა. 13 წამით ადრე საჯარიმო ხაზზე დანიელთა ცენტრმა ლარსენმა ორივე ტყორცნა გამოიყენა. მატჩის საფინალო სირენამდე 6.1 წამით ადრე კი დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. საქართველო ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, პოლონეთში, კვიპროსში და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში შედგება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები