ბაკურიანში ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაიხურვის ცერემონია გაიმართა
16 თებერვალს ბაკურიანში ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – ბაკურიანი – 2025 დაიხურა. შეჯიბრებები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ბაკურიანსა და ბათუმში მიმდინარეობდა.
ოლიმპიურ ფესტივალში, სპორტის 8 სახეობაში, 45 ქვეყნის 1000 -მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში მონაწილე 8 სპორტსმენიდან, პირველად საქართველოს ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში, საქართველოს სახელით ოქროს მედალი მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოიპოვა.
„დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშე სამთო-მოთხილამურე ირაკლი ხერგიანი იყო. აღსანიშნავია, რომ ხერგიანმა სლალომში 92 მონაწილეს შორის დაიკავა 26 ადგილი.
ბაკურიანში, ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს სამთო თხილამურობის, თხილამურებით რბოლის და ბიათლონის სხვადასხვა დისციპლინებში გამარჯვებულები.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, ეოკ-ის ვიცეპრეზიდენმა დაინა გუდზივენიჩუტემ და ნოდარ ქუმარიტაშვილის მამამ, დავით ქუმარიტაშვილმა ფესტივალის საუკეთესო გოგონა და ვაჟ სპორტსმენებს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდოები გადასცეს. ჯილდოებისთვის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტებმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად მიიღო.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.
ბატონმა კაპრალოსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფესტივალის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის.
ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბრაშოვის მერს ჯორჯ სკრიპკარუს. 2027 წელს სწორედ რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი უმასპინძლებს ზამთრის მომდევნო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.
ტრადიციულად, მოისმინეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ჰიმნი, დაეშვა დროშა და ჩაქრა ოლიმპიური ცეცხლი“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.