საერთაშორისო ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ქართველმა მოსწავლეებმა 7 მედალი მოიპოვეს

7-9 თებერვალს, რუმინეთში, დიდი საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართა ინფორმატიკაში (InfO(1)CUP’2025, რომელშიც ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის,  51 გუნდის 184 უძლიერესი მოსწავლე მონაწილეობდა (ერთ გუნდში მაქსიმუმ 4 მოსწავლე ირიცხებოდა). საქართველო ორი გუნდით იყო წარმოდგენილი და ოლიმპიადაში ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა ახალგაზრდებმა 8 შესაძლებლიდან 7 მედალი მოიპოვეს: 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია ავრცელებს.

„საქართველო ორი გუნდით იყო წარმოდგენილი და ოლიმპიადაში ონლაინ რეჟიმში მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა ახალგაზრდებმა 8 შესაძლებლიდან 7 მედალი მოიპოვეს: 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ვერცხლის მედლები მოიპოვა პირველი გუნდის ყველა წევრმა: ოთარ ციბაძე (ქუთაისის ფიზ-მათი), ანდრია ვასაძე, ვლადიმერ ფრანგიშვილი, მათე რეხვიაშვილი (სამივე კომაროვი, მზიური), ხოლო 3 ბრინჯაო მეორე გუნდის წევრებმა: გიორგი ფხალაძე (ქუთაისის ფიზ-მათი), საბა გოდუაძე, გიორგი მაისურაძე (ორივე კომაროვი, მზიური). ვულოცავ ბავშვებს ამ დიდ წარმატებას! მომდევნო კვირას უკვე საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება, რომელსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია ატარებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და პარტნიორობით. შემდეგ ამას ეროვნული ოლიმპიადა და რამდენიმე დიდი საერთაშორისო ოლიმპიადა მოჰყვება. ასე, რომ ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო და იმედი მაქვს ტრადიციულად წარმატებით დასრულდება“, – წერს გიორგი მანდარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები