საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა
ტალინში, სადაც ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა სპორტულ ცეკვებსა და კაცთა ერთეულებში.
ნიკა ეგაძემ, რომელმაც მოკლე პროგრამა მეორე შედეგით დაასრულა, თავისუფალ პროგრამაში 151.93 ქულით მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა მოციგურავემ საბოლოოდ 243.87 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
საქართველოს წარმომადგენლებიდან თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა დიანა დევისის და გლებ სმოლკინის მოცეკვავეთა წყვილმა, რომელსაც 116.33 ქულით მერვე შედეგი ჰქონდა. ორივე პროგრამის შედეგად დაგროვილი 190.15 ქულით ჩვენმა მოციგურავეებმა ისევ მერვე ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ნაკრებმა ტალინის ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედლით წარმატებას მიაღწია ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა. მეორე ადგილი დაიკავა ანასტასია გუბანოვამ.
2 თებერვალს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ტალინის „ტონდირაბას ყინულის არენა” გალა წარმოდგენისთვის მედალოსნებს დაეთმოთ.