ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. პრესტიჟული ტურნირის დასკვნით დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ).

ლუკა მაისურაძე შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა სენეგალელ რიან დაკოსტასთან. ორი ვაზარით დაამარცხა ფრანგი მაქს ლაბორდი, ნახევარფინალში კი იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონს, გოკი ტაჯიმას მოუგო ვაზარით და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მაისურაძე კორეელ იონგჰუკ კიმთან იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა.

ტურნირის დასკვნით დღეს ტატამზე გავიდნენ სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ზაურ დვალაშვილი (-81 კგ), კოტე კაპანაძე (-81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (-90 კგ), ნიკოლოზ ზაალიშვილი (-100 კგ), საბა ინანეიშვილი  (+100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ), მაგრამ გარდა ინანეიშვილისა, ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ გრანდ სლემს. მედალთან ყველაზე ახლოს იყო სწორედ საბა ინანეიშვილი, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში იაპონელ იუტა ნაკამურასთან იპონით დამარცხდა.

გრანდ სლემის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები