2025 წელს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ

2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 22:21 სძლიეს.

თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში იქნება და ამჯერად, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. მატჩი „ავჭალაზე“, 15:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპს ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალები მარტის დასაწყისში, ხოლო ფინალები ორი კვირის თავზე გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, იმავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას 4 გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები). მეხუთე კი, რეპეშაჟში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 7 – მიყოლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები