ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი
2025 წელს, ქართული ღვინის პირველი წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის სპეციალურ პრეზენტაციაზე გაიმართება.
იაპონიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, ქართული ღვინო ესპანეთში იქნება წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტროკონგრესში Madrid Fusión 2025 მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართება. Madrid Fusión 2025 ქართული სტენდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა, სადაც ქართული ღვინო ქართულ გასტრონომიასთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine და ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VineExpo Paris.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია; ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.