ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საჩუქრი მიიღო
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საჩუქრად მიიღო დოკუმენტები, რომელშიც გურიაში, კერძოდ სუფსაში ნავთობწარმოების ისტორიაა ასახული. ინფორმაცია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ავრცელებს.
„მუზეუმს გურულების სიძე, გერმანელი ისტორიკოსი ჟანო ფრიდშენი სტუმრობდა. მისი მეუღლე თამუნა ხავთასი სოფელ სუფსიდანაა და ამჟამად გერმანიაში ცხოვრობენ. მათ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს დოკუმენტები გურიაში, კერძოდ სუფსაში ნავთობწარმოების ისტორიის შესახებ, რომელიც ბატონმა ჟანომ შემთხვევით მოიკვლია ქ. კასელის არქივში, პროფესიული საქმიანობის დროს. ეს დოკუმენტები მე-20 ს-ის დასაწყისს განეკუთვნება, როცა გურიაში, მათ შორის სუფსაში, აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა ქვეყნების კომპანიების მიერ ნავთობის მოპოვება ადგილობრივ კომპანიებთან ერთად“, – ნათქვამია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.