რა იყო დაგეროტიპია და ვინ არიან აღბეჭდილნი პირველ „ვერცხლის ფირფიტაზე“?

რა იყო დაგეროტიპია და ვინ არიან აღბეჭდილნი პირველ „ვერცხლის ფირფიტაზე“ – ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

დაგეროტიპია იყო ფოტოგრაფიის ადრეული ეტაპი, რომელიც გამოსახულების ვერცხლის ფირფიტაზე გადატანას გულისხმობდა. ვერცხლის ფირფიტას უკან გადაკრული ჰქონდა თითბერი. ფირფიტა თავსდებოდა შავ ხავერდგადაკრულ სპეციალურ ყუთში, რომ გამოსახულება უფრო აღქმადი ყოფილიყო.

ვერცხლის ფირფიტაზე გამოსახულება ადვილად ხუნდებოდა, სინათლის ან მზის სხივების ზემოქმედებითაც კი, ამიტომ ჩვენამდე დაგეროტიპის ძალიან მცირე რაოდენობის ნიმუშმა მოაღწია.

„ეროვნული ბიბლიოთეკის გასული წლის მნიშვნელოვან შენაძენთა შორის ერთ-ერთი სწორედ დაგეროტიპია, რომელიც უნიკალურია იმითაც, რომ ის არის პირველი „ვერცხლის ფირფიტა“, რომელზე აღბეჭდილი პიროვნებების ვინაობა ცნობილია. დაგეროტიპზე გამოსახულნი არიან თამარ ვახვახიშვილი და მისი მეუღლე გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე (1852-1898).

ეს ოჯახი, როგორც ჩანს, ფოტოგრაფიის (1851) მიღწევებსაც  წარმატებით იყენებდა, რადგან ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზა „ივერიელში“ მათი ფოტოებიც ინახება.

დაგეროტიპი მინიატიურულ პორტრეტად აღიქმებოდა, ამიტომ ლამაზ ჩარჩოებში სვამდნენ და სათუთად ინახავდნენ, მით უმეტეს, რომ მისი დამზადება არც ისე იაფი ღირდა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები