21 იანვარს პიანისტ ნინო გურევიჩის მასტერკლასი გაიმართება

21 იანვარს, 12:00 სთ-ზე, პიანისტ ნინო გურევიჩი კამერული დარბაზში მასტერკლასს გამართავს.

„ნინო გურევიჩი თბილისში მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. დედა – ლალი ბაბუციძე მუსიკისმცოდნე გახლდათ, მამა – ვილი გურევიჩი დირიჟორი, მუსიკისმცოდნე, სახელმწიფო კონსერვატორიის  მუსიკისმცოდნეობისა და საკომპოზიტორო განყოფილების დეკანი.

ნინო 6 წლის ასაკში მიიღეს მუსიკალურ ათწლედში პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასში, რომელთანაც მან ათწლედის წარმატებულად დამთავრების შემდეგ სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა. შემდგომ კი ქალაქ მიუნხენის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით დაამთავრა ასპირანტურა.

ნინო პატარაობიდანვე მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის როგორც საერთაშორისო პროგრამის “ახალი სახელების”, ასევე ვლადიმირ სპივაკოვის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები.

დღესდღეობით ნინო ცხოვრობს მიუნხენში და ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას ევროპას, აზიასა და ამერიკაში როგორც სოლისტად

ასევე  კამერულ შემადგენლობაში. აქვს გამოსვლები ორკესტრებთან ერთად. ნინო არის მიუნხენის უმაღლესი მუსიკალური სკოლის დოცენტი. მას მუდმივად იწვევენ საერთაშორისო ფესტივალებზე,მასტერკლასებზე და კონკურსებზე ჟიურის წევრად.

ნინო 2019 წლიდან უკრავს ტრიოში ნილს ფრიდლთან (ვიოლინო) და იონას მერკადალთან (კლარნეტი) ერთად და არის ტრიოს დამფუძნებელი იონას მერკადალთან ერთად“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები