1926 წლის 20 დეკემბერს ქართველი მწერალი – რევაზ ინანიშვილი დაიბადა

“ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, – სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, – უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ”.- 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმი, ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი – რევაზ ინანიშვილი დაიბადა.

მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს დაამთავრა. მისი პირველი მოთხრობა “სახსოვარი” გამოქვეყნდა ალმანახ “პირველ სხივში” 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული დაიბეჭდა 1953 წელს. მწერალი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. 1960 წელს მან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს რევაზ ინანიშვილი გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: “არდადეგები”, “დაბრუნებული ღიმილი”, “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”, “ფერმა მთაში”, “ზაფხული სოფლად”, “პასტორალი” (თანაავტორი ო. იოსელიანი), “ნატვრის ხე” (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), “ქვიშანი დარჩებიანო” (თანაავტორი გ. შენგელაია). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რ. ინანიშვილი 1989-1991 წწ. იყო ჟურნალ “დილა”-ს მთავარი რედაქტორი.

1977 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო კრებულისთვის, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წლის 26 დეკემბერს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები