ათენის საუნივერსიტეტო ისტორიის მუზეუმში ქართული ღვინის ისტორიისა და უნიკალურობის შესახებ საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა

ათენის საუნივერსიტეტო ისტორიის მუზეუმში ქართველი ემიგრანტის სალომე დოლაბერიძისა და ბერძნულ-ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “პეგასი-მერანი” ორგანიზებით, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის 8 000 წლოვანი ისტორიისა და ქართული ღვინის უნიკალურობის შესახებ საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ლევან ბერიძემ. ელჩმა ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა.

საბერძნეთში მოღვაწე EPLO-ს სტუდენტებმა დევი ნაკაიძემ, რუსა ბანძელაძემ და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა სალომე ბლადაძემ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს, ქართული და ბერძნული კულტურის შესახებ კი ისაუბრა იოანის ბულიამ.

ღონისძიების საპატიო სტუმარი და მომხსენებელი იყო საქართველოდან მიწვეული ღვინის ექსპერტი და მარკეტოლოგი ნოელ ბროკეტი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული ქვევრის ღვინის განსაკუთრებულობაზე და უნიკალურობაზე უამბო.

ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა „დაქიშვილი”,  „გიუაანი”  და „ბაიას ღვინო” სხვადასხვა სახეობის ქართული უნიკალური ღვინოები წარადგინეს, რომელთა დაგემოვნების შესაძლებლობა ღონისძიების სტუმრებს მიეცათ.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ინდუსტრიის ექსპერტები,იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მოყვარულები და ჟურნალისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები