ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Expovina რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი

31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, ციურიხში მიმდინარე Expovina-ს საგამოფენო სივრცე 9 გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა. მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ (GeoHauss) წარადგინა.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე  დავით ტყემალაძე გამოფენის Expovina  აღმასრულებელ დირექტორს, პასკალ შლიტლერს შეხვდა. მხარეებმა 2025 წელს, Expovina-ს რიგით 70-ე გამოფენაზე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენის შესაძლებლობის საკითხი განიხილეს.

„ადგილობრივი ბაზრის შესწავლის შედეგად, შევარჩიეთ 25 სახეობის ღვინო, რომელიც წარდგენილია გამოფენაზე. „Expovina“ არის ყველაზე პრესტიჟული ღვინის გამოფენა შვეიცარიის მასშტაბით. ამ გამოფენაში უკვე მეოთხეჯერ ვიღებთ მონაწილეობას ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით. მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის და ცნობადობის ამაღლებას შვეიცარიაში, რაც ზრდის ქართული ღვინის გაყიდვებს“, – განაცხადა „ქართული ღვინის სახლის“ (GeoHauss) დირექტორმა ზვიად არაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს და შვიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, „ქართული ღვინის სახლი“ 2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული შვეიცარიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები