სტუდია სადაც შვიდიდან 73 წლამდე მოსწავლეები ხელოვნებას ეუფლებიან
მოდის დიზაინერი, მერი შენგელია, 26 წლის იყო, როცა საზოგადოებამ საკუთარი ბრენდით „Merry C“ გაიცნო.
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო. დღეს კი „მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიაში“ ხატვას ნებისმიერი ასაკის მსურველს ასწავლის. ამ სტუდიაში რამდენიმე მიმართულებაა: ხატვა (გრაფიკა-ფერწერა), მოდის დიზაინი, ლენტებით ქარგვა და ხაზვა. თავისი აღსაზრდელებისთვის შემაჯამებელ გამოფენას ყოველ წელს მართავს. უკვე კარგად იცის როგორ დაეხმაროს ხატვის მსურველს, რათა მან ხელოვნებაში თავისი გზა და საკუთარი თავი იპოვოს.
– მერი, როგორც ადრე თქვით, რომ თქვენი ბრენდის „მისია“ უნდა „ყოფილიყო ადამიანის ყოველდღიური რუტინის გარღვევა“, რამდენად მოახერხეთ ეს?
– ვფიქრობ, მოვახერხე, რადგან ვცდილობდი და გამომივიდა, რომ ის წლები როცა მოდის დიზაინში აქტიურად ვმოღვაწეობდი, ჩემი ბრენდის ნაწარმს ყოველდღიური რუტინისგან განსხვავებული და ნამდვილი ემოციები გამოეწვია. ისინი, ვინც ჩემი სამოსი შეიძინეს, ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მათი ტარება განწყობას უმაღლებდა და დადებით ემოციებს მათში რეალურად იწვევდა.
– პირველი კოლექციის შესაქმნელად შთაგონების წყარო რა გახდა?
– ჩემი პირველი კოლექცია იყო სადიპლომო ნაშრომი სახელწოდებით „გრაფიტი”, ანუ ნაცრისფერი კედლიდან გადმოსული სიცოცხლე. ნაცრისფერ კედელთან გავაიგივე ადამიანი, რომლის რუტინა ერთფეროვანია. კედელზე დახატული გრაფიტი კი, სამოსად ვაქციე.
– სამხატვრო სტუდიის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?
– ჩვენს ოჯახში სამი თაობის ლექტორები და პედაგოგები არიან. მახსოვს პატარა ვიყავი, როცა სოფელში ბებოს ვესტუმრეთ. ის სახლში არ დაგვხვდა და სკოლაში მივაკითხეთ. მაშინ პირველად ვნახე ბებოს სამუშაო ოთახი. ის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი იყო და ძალიან საინტერესო კაბინეტი და ლაბორატორია ჰქონდა. ჩემთვის ზღაპრულ და აღმოჩენებით სავსე გარემოში აღმოვჩნდი. მას შემდეგ ბებოს რამდენჯერაც ვეუბნებოდი, რომ მეც მინდოდა ასეთი ლაბორატორია მქონოდა, იმდენჯერვე მიპასუხებდა: თუ მოვინდომებდი, მეც მექნებოდა, მაგრამ საბოლოოდ მხატვრობისკენ წავედი.
– თუმცა პედაგოგობის სურვილი უკვალოდ არ გამქრალა…
– დიახ, ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ყოველთვის მიყვარდა. ეზოში მეზობელ ბავშვებს სულ რაღაცას ვასწავლიდი ხოლმე. ჩემი ოცნების სტუდიაც ბავშვობაში დავხატე, მაგრამ არავისთვის მიჩვენებია. რეალურად კი ცოტა გვიან, მაგრამ მაინც განვახორციელე.
– რამდენი ბავშვია სტუდიაში და საკუთარი ხელწერა უკვე რამდენად აქვთ?
– საკმაოდ ბევრი მოსწავლე გვყავს. მათ შორის განსაკუთრებული ხელწერისა და ხედვის მოსწავლეებიც არიან. თუმცა მე რომელიმე მათგანის გამოყოფა არ მიყვარს. თითოეულ მოსწავლეს თავისი შესაძლებლობის, შრომისა და შედეგების მიხედვით ვაფასებ.
– ერთობლივი გამოფენა თუ ჰქონდათ სტუდიის ბავშვებს?
– რა თქმა უნდა, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ვმართავთ ხოლმე ერთობლივ გამოფენას, რომელზედაც მთელი სეზონის ნაშრომს ვაჯამებთ. ამის გარდა სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა გამოფენებშიც ვმონაწილეობთ, როგორც ხატვის, ასევე ლენტებით ქარგვის მიმართულებით.
– სტუდიაში ასაკობრივი ცენზი არ არის…
– ჩვენთან ყველაზე პატარა მოსწავლე შვიდი წლისაა, ყველაზე უფროსი -55 წლის. ლენტებით ქარგვის ტექნოლოგიის მიმართულებაზე კი, 73 წლის მოსწავლეც გვყავს. გარდა ამისა, აბიტურიენტებსაც ვამზადებთ ხატვასა და ხაზვაში. ყოველ სასწავლო წელს ვცდილობ, რომ ახალი მიმართულება დავამატო, რაც მარტივი ამბავი არ აღმოჩნდა. ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სტუდიისთვის საჭირო კადრების პოვნა რთული ამბავი ყოფილა.
– რომელია რჩევა, რომელსაც ხატვის დაწყებამდე აძლევთ მოსწავლეებს?
– ხატვა პირველ რიგში, არის ფიქრი და იმის გააზრება, თუ რის გამოსახვას აპირებ. ამიტომ მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კარგად გაიაზრო ნამუშევარი, ამის შემდეგ კი მის ტექნიკურად გამართვაზე იზრუნო. რჩევა, რომელსაც ყოველთვის ვუმეორებ ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც, არის ის, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვა. ყველაფერი გააზრებული და სწორად დაგეგმილი უნდა იყოს.
– ხატვის პროცესი ალბათ რაღაცით ცხოვრებას ჰგავს, მუდმივად იცვლება ხოლმე…
– ასეცაა… ცხოვრება ძალიან საინტერესოა, თანაც, მუდმივად იცვლება. ამიტომ მეტის შემეცნებისკენ უნდა ისწრაფვოდე. როცა ბევრ საქმეს ერთად შევეჭიდები ხოლმე, გადაღლილზე გონება მსაყვედურობს: დამასვენეო. ამიტომ ბალანსი ზუსტად უნდა დაიცვა და მუზას თავისუფალი სივრცე დაუტოვო, სამყაროსა და საკუთარ თავში პატარა აღმოჩენებიც უნდა გააკეთო…
თეონა გოგნიაშვილი