მერვე მწვერვალი მსოფლიოში და ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ
არც ისე დიდი ხნის წინ, ალინა გამსახურდია მთელმა მსოფლიომ ისე გაიცნო, როგორც პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ნეპალში მანასლუს მწვერვალი დალაშქრა. შეგახსენებთ, მანასლუ ზღვის დონიდან 8163 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოს სიმაღლით მერვე მწვერვალია.
მიუხედავად ასეთი სერიოზული განაცხადისა, პროფესიონალი სპორტსმენი-მთამსვლელი არ არის. უბრალოდ, მიზანსწრაფული ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, მის ცხოვრებაში ბევრი გატაცება გაჩნდა და პროფესიულ ენაზე რომ ვთქვათ, პატარ-პატარა მწვერვალები სხვადასხვა სფეროშიც დაიპყრო.
როგორც პოპულარულ ბლოგერს, 30 000 გამომწერი ჰყავს. სამშობლოს შეგრძნება გენეტიკის დონეზე ჯერ კიდევ იმ დროიდან მოჰყვება, როცა ბავშვობაში ბებია-ბაბუასთან ჩამოდიოდა. უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. ტურიზმის სფეროში აქტიურადაა ჩართული და წარმატებულიცაა. უცხოელებს თავის ქვეყანას ისე აცნობს, რომ მათ აქ დაბრუნების სურვილი პირველივე ვიზიტის შემდეგ უჩნდებათ.
– ალინა, არც ისე დიდი ხნის წინ მთელმა ალპინისტურმა სამყარომ გაგიცნოთ როგორც პირველი ქართველი ქალი, რომელმაც მსოფლიოში სიდიდით მერვე მწვერვალი დაიპყრო. ასეთი თამამი განაცხადის წინაპირობა რა გახდა?
– ორი წლის წინ, როცა გამთენიისას ჰიმალაი ვიხილე, რაღაც ენით აუწერელი განვიცადე. მივხვდი, რომ არ მინდოდა მისთვის მხოლოდ გვერდიდან მეყურებინა, მომინდა, რომ მასზე ავსულიყავი. გადავწყვიტე მეცადა და პირველივე მთაზე ასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ალპინიზმი ძალიან მომწონდა. როგორც იტყვიან, ნამდვილმა ვნებამ შემიპყრო და ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიზანი დავისახე – ევერესტი დამეპყრო. მანასლუ – ამ მიზნამდე მიღწევის გზაზე უკანასკნელი მთა არის. გაზაფხულზე დაგეგმილი მაქვს, რომ ევერესტი დავიპყრო და იქ საქართველოს დროშა გავშალო.
– ცნობილია, რომ ალპინიზმი ძვირად ღირებული სპორტის სახეობაა, ვინ აფინანსებს თქვენს ასვლებს?
– მოცემულ მომენტში ჩემი ყველა ასვლა საკუთარი ბიზნესის შემოსავლიდან თავადვე დავაფინანსე. თუმცა ევერესტზე ასასვლელად და სამომავლო გეგმების განსახორციელებლად სპონსორის აქტიურ ძიებაში ვარ. ძალიან მინდა რომელიმე მსხვილი კომპანიის მხარდაჭერა მოვიპოვო და მწვერვალზე მათი ბრენდით შემოსილი ავიდე. ყველა მთამსვლელი ასე იქცევა.
– მარკენტიგნის სფეროშიც არა ერთხელ მიაღწიეთ წარმატებას…
– როცა მარკეტინგით ვიყავი დაკავებული არა ერთ დიდ ბრენდს ვმართავდი. რთულია გამოვყო ერთი რომელიმე კომპანია, სადაც გამიმართლა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. ამის შემდეგ საკუთარი ბიზნესით ტურიზმისა და ივენთების სფეროშიც დავკავდი. ჩემი ტურების შედეგად ათასობით მადლიერი და ბედნიერი კლიენტი მყავს და Google-ს IMB-ის, McKensey -ის და სხვა კორპორაციული პარტნიორებისგან შემდგარი დიდი პორტფოლიო მაქვს.
– როგორც ბლოგერს, ნიკ-ნეიმით „Tarusha“ ინსტაგრამში 30 000 გამომწერი გყავთ. ეს სახელი რატომ შეარჩიეთ?
– ეს ისტორია ჩემს ბავშვობას უკავშირდება ძალიან მიყვარდა მარგარეტ მიჩელის „ქარწაღებული“ და ძალიან მომწონდა მთავარი მოქმედი გმირი სკარლეტი, რომელსაც ჰქონდა მამული სახელად თარა, ჩემი ექაუნტის სახელი „Tarusha“-ც აქედან გამომდინარე დავირქვი. ჩემს გამომწერებს საქართველოზე ხშირად ვუყვები ხოლმე.
– პირველად როდის გააცნობიერეთ, რომ თქვენი ფესვები საქართველოშია?
– დღემდე კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა ათი წლის ვიყავი და მშობლებმა საქართველოდან წამიყვანეს. როცა 16-ის გავხდი თბილისში ბებია-ბაბუის სანახავად ჩამოვედი. აი, მაშინ პირველად ვნახე ნამდვილი ქართული ცეკვები, რამაც ჩემზე წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს, შინაგანად ისეთი განსაკუთრებული განცდა დამეუფლა, თითქოს დენმა დამიარა. ვიგრძენი, რომ ეს ქვეყანა, მისი კულტურა, დაუსრულებელი სითბო და სიყვარული, რასაც აქ ვაწყდებოდი – ჩემი სულის ნაწილია…
– წლებია თბილისში ტურისტული ბიზნესი გაქვთ. აქ ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს რას სთავაზობთ?
– ვცდილობთ, მათთვის პროგრამა ისე შევადგინოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრი განსხვავებული კუთხით გავაცნოთ. საქართველო უზომოდ მიყვარს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩამოსულ ტურისტს აქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს. სამშობლო ჩემთვის ადგილია, სადაც მრავალრიცხოვანი მოგზაურობებიდან ყოველ ჯერზე სიხარულით ვბრუნდები და სადაც თავს მშვიდად, თბილად და უსაფრთხოდ ვგრძნობ…
თეონა გოგნიაშვილი