საქართველოს ეროვნულ გალერეაში  გამოფენა – „ქართული ფრესკების ასლები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან“ გაიხსნება

საქართველოს ეროვნული გალერეა  გამოფენას – „ქართული ფრესკების ასლები საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან“ უმასპინძლებს.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება ცნობილი მხატვრების – ევგენი ლანსერეს, გიორგი ხმალაძის, დავით კაკაბაძის, დიმიტრი შევარდნაძის, შალვა ქიქოძის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, სოფიო მირზაშვილის, გიორგი ერისთავის, ლევან ცუცქირიძის მიერ შესრულებული მონუმენტური მხატვრობის ნიმუშების 17 ასლი (IX-XVIII საუკუნეების ფრესკების ასლები,  შემცირებული ასლები, დეტალების ასლები და  ჩანახატები) იხილოს.

“გამოფენა მცირე ფრაგმენტია იმ დიდი სურათისა, რომელსაც შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ძველი ქართული ხელოვნების ფონდში დაცული მონუმენტური მხატვრობის კოლექცია ქმნის. ფონდს შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშების შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვანი ისტორია აქვს. შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლასა და გადარჩენას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა. მისი თაოსნობით XX საუკუნის დასაწყისიდან შეიქმნა ქართული ფრესკების ასლების პირველი კოლექცია.

ასლებს წლების განმავლობაში ქმნიდნენ მხატვრები ალექსეი ეისნერი,  ქრისტინ კრონი, ჰენრიკ ჰრინევსკი, თეოდორ კიუნე, გიორგი ხმალაძე, სერგი პოლტორაცკი, აკოფ გარიბჯანიანი და სხვები, მათ შორის – ახალგაზრდა დავით კაკაბაძე. 1916 წლიდან ამ წამოწყებას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, მოსე და ირაკლი თოიძეები, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე. გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მონუმენტური მხატვრობის ასლებზე მუშაობდნენ ქეთევან მაღალაშვილი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, სევერიან მაისაშვილი, შალვა აბრამიშვილი და პეტერბურგიდან მოწვეული მხატვარ-კოპიისტები: ბორის შევიაკოვი, ტატიანა შევიაკოვა, ნატალია ტოლმაჩევსკაია, რომლებიც ასლ-ფაქსიმილეს შექმნის რთულ და შრომატევად ტექნოლოგიას იყენებდნენ“, – ნათქვამია  საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიხსნება და 2025 წლის 3 თებერვლამდე  გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები