სიტყვებსა და ფერებთან თამაში-როდის ხდება სწავლა სასიამოვნო და სახალისო
თავიდან ყველაფერი სიტყვების თამაშით დაიწყო და მისი საქმიანობის ამოსავალი სლოგანი გახდა: „ყველაფერი (თ)ამაშია“. მერე, იმ გზაზე პატარ-პატარა აღმოჩენები გააკეთა. სიტყვებით თამაში მისთვის ერთგვარი მაგიური იარაღია, ხელოვნებაა, რომლის მეშვეობითაც ახალი პერსპექტივების დანახვა და ეფექტური კომუნიკაციაა შესაძლებელი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომელი, ლექტორი და ხელოვანი, მაია გიორგაძე “თამაშის ელემენტით“ სწავლების პროცესს სტუდენტებისთვის ბევრად საინტერესოსა და სახალისოს ხდის. მისი სახელმძღვანელო წიგნი „ენობრივი თამაშები“ ახალმა თაობამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო და გაითავისა.
ბოლო დროს, სიტყვებით თამაში – ფერებით თამაშმა ჩაანაცვლა, რაც მისთვის თვითგამოხატვის, თვითშემეცნებისა და სულიერი ზრდის ახალი გზა აღმოჩნდა. ასე დაიბადა – საინტერესო ფერმწერი მაია გიორგაძე, რომელმაც უკვე მიიღო რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობა და პროფესიონალებისა და ხელოვნების მოყვარულთა ყურადღებაც მიიქცია.
– მაია, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს. პირველად როდის ჩაუღრმავდი ამას?
– დიახ, სიტყვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ეს სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის დროს უფრო გაღრმავდა. მაშინ დავინტერესდი იმით, რაც სიტყვებს მიღმა და სტრიქონებს შორის იმალება. სიტყვა ხომ მხოლოდ ასოების ერთობლიობა არ არის, მას მატერიალური ძალა და ენერგია აქვს. თითოეული მათგანი საკუთარ ისტორიას ატარებს. სწორედ ამას ვასწავლი სტუდენტებს – წაიკითხონ არა მხოლოდ დაწერილი, არამედ ამოიკითხონ ის აზრიც, რაც სტრიქონებს შორის იმალება.
– რამდენიმე წლის წინ გამოეცი სახელმძღვანელო „ენობრივი თამაშები“, რამდენად საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა ეს წიგნი ახალი თაობისთვის?
– ჩემი სახელმძღვანელო „ენობრივი თამაშები” მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. სტუდენტებმა ის დიდი ენთუზიაზმით მიიღეს, რადგან წიგნი ენის შემსწავლელებს სრულიად განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. მასში შეტანილი თამაშები და სავარჯიშოები არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ გასართობ ელემენტებსაც შეიცავს, რაც სწავლის პროცესს უფრო მიმზიდველს ხდის. ამ მეთოდით სტუდენტები თავისუფლდებიან იმ ფსიქოლოგიური ბარიერებისგან, რაც ხშირად უცხო ენის შესწავლის პროცესში იჩენს თავს. თამაშის დროს ისინი ნაკლებად ღელავენ შეცდომების დაშვებაზე, უფრო თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრებს და აქტიურად ერთვებიან დისკუსიებში. სახელმძღვანელოს წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ის არ არის მხოლოდ თეორიული მასალის კრებული – მასში თითოეული თამაში და სავარჯიშო პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ამ მეთოდით ამიტომ სწავლა საინტერესო, სახალისო და ამავდროულად ეფექტურიცაა. ჩემი დევიზია: “ისიამოვნე სწავლებით, ისიამოვნე სწავლით.“
– სიტყვებით თამაშის შემდეგ ფერებით თამაში დაიწყე. როდის იქცა შენთვის სახვითი ხელოვნება სათქმელის გამოხატვის ალტერნატიულ ფორმად?
– ფერების სამყაროში შესვლა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი, მაგრამ საოცრად ბუნებრივი პროცესი აღმოჩნდა. ხატვამ არა მხოლოდ განტვირთვის ახალი საშუალება მომცა, არამედ სამყარო სრულიად სხვა პერსპექტივიდან დამანახვა. თითოეული დეტალი, რომელსაც ადრე გულგრილად ჩავუვლიდი ხოლმე – ფოთლების ჩრდილები, ღრუბლების ფორმები, საღამოს ცის ელფერი, ჩემი ყურადღების ცენტრში მოექცა. ინგლისური ენა ჩემი ცხოვრების მთავარი ღერძია და შემოსავლის ძირითადი წყარო. ამას გარდა, პროფესიული რეალიზების საშუალება და სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო, მაგრამ ხელოვნებამ ჩემს ცხოვრებაში ის სიცარიელე შეავსო, რომლის არსებობა მანამდე არც კი მიგრძნია.
– შენმა აბსტრაქტულმა ნამუშევრებმა, პორტრეტებმა და ხელნაკეთმა ნივთებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. რა თემა ჩნდება ყველაზე ხშირად შენს ნამუშევრებში?
– ჩემს ნამუშევრებში ყველაზე ხშირად მრავალფეროვნების თემები იკვეთება. უკვე ჩამომიყალიბდა საკუთარი, ჩემეული ხელწერა და ეს განსაკუთრებით მახარებს. ის ფაქტი, რომ ადამიანები ჩემს ნამუშევრებს ხელმოწერის გარეშეც ცნობენ, ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, უდიდესი პატივია. აბსტრაქტული ხელოვნება ჩემთვის განსაკუთრებული სიყვარულის სფეროა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემთვის ეს ფერებით თამაშის უსაზღვრო თავისუფლებაა. სწორედ აქ ვპოულობ უდიდეს სიამოვნებას – როცა ფერები ერთმანეთს ერწყმიან, ერთიანდებიან და სრულიად ახალ რეალობას ქმნიან.
– არა ერთ გამოფენაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ყველაზე მეტად რა და ვინ დაგამახსოვრდა?
– უკვე არაერთ გამოფენაზე წარვადგინე როგორც ხელნაკეთი აქსესუარები და დეკორაციები, ისე ჩემი ნახატები. თითოეული გამოფენა განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მაყურებლის გულწრფელი გაოცებაა, როცა იგებენ, რომ ხელოვნება ჩემი ჰობია და არა ძირითადი პროფესია. განსაკუთრებით მახარებს ის, როცა პროფესიონალი ხელოვანები, უფროსი და უკვე კარგად ცნობილი არტ- მეგობრები, ჩემს ნამუშევრებს დადებითად აფასებენ. ყოველი მათი შეფასება იმაში მარწმუნებს, რომ ხელოვნებაში მთავარი არა პროფესიული განათლებაა, არამედ გულწრფელი სიყვარული და თავდადება, რასაც ამ საქმეში დებ.
– შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება და პედაგოგიკა ერთმანეთს დააკავშირე და სწავლება ხელოვნების რანგში აიყვანე?
– ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ხელოვნებისა და სწავლების შერწყმა, მაგრამ მათ შორის ღრმა კავშირია. დიახ, სწავლებაც ხელოვნებაა – ასწავლო ისე, რომ ეს პროცესი შემოქმედებით აქტად აქციო- წარმატების საწინდარია. ამ მხრივ არ ვუჩივი მიღწევებს, თუმცა მუდმივად უფრო მეტისკენ ვისწრაფვი, რადგან ამბიციური მიზნები და გეგმები მაქვს. ბავშვობაში არასოდეს დამიხატავს, მხოლოდ ორი წელია, რაც ფერების სამყაროში შევაბიჯე და ეს ჩემს ყველაზე თბილ და კეთილ სავანედ იქცა. ახლა კი, მგონი, ფერწერამ და წერამ ერთად ამიტანა. ეს ჩემი პატარა საიდუმლოა, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა…
– ვიცი, რომ სტუდენტებს ძალიან უყვარხარ და შენს ლექციებზე ბევრი უცნაური და კეთილი ამბავი ხდება…
– ვგრძნობ, რომ სტუდენტებს ვუყვარვარ და მეც უზომოდ მიყვარს ისინი. დღევანდელ დაძაბულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია სასწავლო გარემოში პოზიტიური და თავისუფალი ატმოსფეროს შექმნა. ის, რასაც ჩვენ „თამაშს“ ვუწოდებთ, სინამდვილეში არის მეთოდი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს კომფორტულად იგრძნონ თავი და გამოავლინონ შემოქმედებითი უნარები. ჩემი გამოცდილებით, როცა სტუდენტები თავს თავისუფლად გრძნობენ, სწავლის პროცესი გაცილებით ეფექტური და ბუნებრივია. ეს არ ნიშნავს აკადემიური სტანდარტების დაკლებას – პირიქით, არაფორმალურ გარემოში ისინი უფრო მოტივირებული არიან და უკეთ ითვისებენ მასალას. ხან ვმღერით, ხან ვიძინებთ, ხან ვიცინით და სწორედ ასეთი მიდგომით ვაღწევთ საუკეთესო შედეგებს.
– რაიმე იდიომატური გამოთქმით ახსენი ცხოვრების მთავარი პრინციპი…
-“Live and let live.”- რაც თარგმანში ასე ჟღერს: „შეირგე სიცოცხლე და სხვასაც შეარგე!“
თეონა გოგნიაშვილი