2 ნოემბერი – წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეა

მამა გაბრიელი დაიბადა ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს შინსახკომის (შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი) წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით ვასიკოს ეძახდნენ.

მამა გაბრიელმა  თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი დაამთავრა. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვის დაცვას და ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი და მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება  ცდილობდა ეკლესიის დანგრევას.

1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ – გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში, მამა გაბრიელი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.

1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო  საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას ითხოვდა. ამავე წლის მაისში იგი  წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად დაინიშნა.

სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში. მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წლის 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის თორმეტ მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: “იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”. მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესვეურები მოითხოვდნენ მისგან, ეღიარებინა რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერი ურყევად იდგა. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რაზედაც კვლავ ცემა და წამება მიიღო. ეს ფაქტი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა უცნობი. ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა ეს დაუჯერებელი და სენსაციური ამბავი. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან III კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალეს ბერ-მონაზვნური წესით-ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა, ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად  უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი.

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.  ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, ბერი, ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.

2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს. 22 თებერვალს, დილით, მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.

 

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები