კოლხეთის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
2007 წ. 1 ნოემბერს საქართველოში ათონის წმინდა მთიდან კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდა. ხატი კარიესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის სენაკის მოღვაწეებმა – მღვდელმონაზონმა ეფრემმა და ბერმა ტიმოთემ ჩამოაბრძანეს. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი „ოდიგიტრიად“ წოდებული ხატის ასლია. „ოდიგიტრია“ ქართულად გზამკვლევს ნიშნავს და ეს ხატი ადამიანებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება. „ოდიგიტრიის“ ასლს დართული აქვს 16 მცირე ზომის ხატი, რომელზედაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი წმინდანები არიან გამოსახული.
ხატის არშიის ზედა ზოლზე, ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებული ყოვლადწმიდა სამების ხატის ასლი. ხატის არშიის ზედა ზოლზე გამოისახა ასევე ის ორი მთავარი წმინდანი, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1977 წელს, აღსაყდრებისთანავე საქართველოს ეკლესია და ერი შეავედრა – წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედსა და წმინდა გიორგის. ზედა კუთხეებში განთავსდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს ხატები, რომელთაც საქართველოში ქრისტეს რწმენა იქადაგეს. მათ გასწვრივ განთავსდა პირველი ქრისტიანი მეფის, წმინდა მოციქულთასწორი მირიანისა და ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, გრიგოლი ღვთისმეტყველის ხატები. შემდეგ გამოსახულია წმინდა მეფე, რომელმაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა – კეთილმორწმუნე მეფე ვახტანგ გორგასალი და მის გასწვრივ საქართველოს ეკლესიის პირველი კათოლიკოსი – პეტრე, რომელიც გადმოცემის თანახმად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწაფე იყო. ხატის გვერდებზე შუა ნაწილებში გამოსახულია აწყურისა და პალიასტომის ღვთისმშობლის მცირე ხატები. აწყურის ღვთისმშობელი ხელთუქმნელი ხატია, რომლითაც შემოვიდა წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში. პალიასტომის ღვთისმშობელი უძველესი კოლხეთის ქალაქში, ფაზისის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ისტორია გვამცნობს, რომ, დაახლოებით, VIII-IX საუკუნეებში ეს ტაძარი ჩაიძირა და ახლა იქ პალიასტომის ტბა მდებარეობს. ვიდრე ტაძარი ჩაიძირებოდა, მის წინამძღვარს დედა ღვთისმშობელი მრავალგზის გამოეცხადა და ხატის გელათში გადაბრძანება უბრძანა. ამჟამად ხატი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფება. კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის არშიაზე ასევე გამოსახულია ჩვენი სათაყვანო მეფეები – წმინდა დავით აღმაშენებელი და კეთილმორწმუნე მეფე თამარი, საპირისპირო მხარეს გამოსახულია დიდი მეფის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი და პირველი კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი, რომლის დროსაც აშენდა სვეტიცხოველი. ხატის არშიის ქვედა ზოლზე ცენტრში გამოსახულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი და მთელ ზოლზე – ათონელი მოღვაწეები: იოანე, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელები და გაბრიელ ქართველი ბერი, რომელმაც ზღვიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა.
კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სენაკში დაიწერა. იგი დაიწერა სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატის „ოდიგიტრიის“ მიხედვით. თუმცა, ეს მისი ზუსტი ასლი არ არის. ეს არის თვისობრივად ახალი ხატი, რომელსაც დამატებული აქვს კომპოზიციები წმინდანების გამოსახულებით. ეს არის ორიგინალური ხატი, რომლის ასლიც არ არსებობს. ეს ხატი ახალია და საგანგებოდ საქართველოსთვის შექმნილი, ამიტომ ათონელმა ბერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ხატს ოდიგიტრია კი არა, არამედ ახალი სახელი ეწოდოს და ვინაიდან ხატი უძველეს ფაზისში, ისტორიული კოლხეთის მიწაზე უნდა დამკვიდრებულიყო, მას ეწოდა კოლხეთის ღვთისმშობელი.