„შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ! – როცა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ხარ

ცნობილია, რომ ადამიანს, როგორიც ჩვენი მასალის გმირია, „Self-made person“-ს ეძახიან, ანუ მას, ვინც საკუთარი თავი და ცხოვრება თავად შექმნა.

იურისტმა, პედაგოგმა და მეცნიერმა სოფიო დემეტრაშვილმა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და სამეცნიერო საქმიანობა ადრე დაიწყო, საჯარო სამსახურში თინეიჯერობის ასაკში მიიღეს. შემდეგ როცა თითქმის თანატოლი სტუდენტების განათლებაზე პასუხისმგებლობა ანდეს, 27 წლის ასაკში საუკეთესო ლექტორის სტატუსი დაიმსახურა. დღემდე ყველა საქმეს ისე უძღვება, რომ თვითგანვითარებაზე ზრუნვა არ შეუწყვეტია.

იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ მაგისტრატურა და დოქტორანტურა დაამთავრა. 2017 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სპეციალისტი იყო. 2019 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა. 2023 წლიდან – განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მრჩეველი გახდა. ახლახან, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა და ამაყობს იმით, რომ საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთი ქალია, რომელმაც დოქტორის აკადემიური ხარისხი ორჯერ დაიმსახურა.

– სოფი, გაიხსენე რა უძღოდა წინ ამ ფაქტს, რა გზა გაიარე აქამდე?

– ვფიქრობ, დღემდე ძალიან საინტერესო გზა გავიარე. 2016 წლიდან ვასწავლი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ასისტენტ-პროფესორობიდან პროფესორამდე ეტაპობრივად, ყველა საფეხური გავიარე. პარალელურად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ვიყავი. ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი პირველად 2019 წელს მომენიჭა. ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პროფესორი დიმიტრი გეგენავა. ასეთი მაღალი რანგის იურისტებთან სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. მათთან ურთიერთობამ უდიდესი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა შემძინა.

– პროფესიულ არჩევანზე მინდა გკითხო: მშობლების ფაქტორმა რამდენად იმოქმედა მასზე?

– ცხოვრების ყველა ეტაპზე ვეცადე, რომ მშობლების, (რომლებიც იურიდიულ და საკანონმდებლო სფეროში წარმატებული ადამიანები არიან,) მფარველობისგან დამოუკიდებლად მიმეღწია წარმატებისთვის. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ არცერთ კარიერულ საფეხურზე მათი მფარველობა თუ კონტაქტები არ გამომიყენებია. დღემდე ვცდილობ დამოუკიდებლად დავიმკვიდრო თავი. ჩემი პირველი პროფესიული არჩევანი ჟურნალისტიკა იყო, მაგრამ ბაკალავრიატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართულებით დავამთავრე. შემდეგ, შეიძლება ითქვას, ისე გავთამამდი, რომ იმავე წელს მაგისტრატურაზეც ჩავაბარე.

– ალბათ ბევრს დაამახსოვრდა ახალგაზრდა დედა, რომელიც გამოცდაზე ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა…

– დიახ, გამოცდაზე მივედი შვილთან ერთად, რომელიც მაშინ 12 დღის იყო. სწავლა ბიზნესს სამართლის მიმართულებით გავაგრძელე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, სადოქტორო პროგრამაზე საჯარო (საკონსტიტუციო) სამართლის განხრით ჩავაბარე. დისერტაცია დავიცავი თემაზე „სასამართლო გადაწყვეტილებათა საქვეყნოობის პრინციპისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ურთიერთმიმართება”.

– თავიდანვე ალბათ ბევრი გირჩევდათ, რომ მამის, კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის კვალს გაჰყოლოდით…

– ასეთი მამიკოს შვილობა როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიული თვალსაზრისით, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი საზოგადოება გადაცდომას არავის აპატიებს და არაფერს ივიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ნაშრომის ავტორი ვარ, საკონსტიტუციო სამართალს მაინც ვერიდებოდი. თუმცა, შემდეგ, როდესაც სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მომენიჭა, ძალიან ვამაყობდი. დისერტაციის დაცვას მშობლებიც ესწრებოდნენ. მათი  სიამაყით და ბედნიერებით აღსავსე თვალები არასოდეს დამავიწყდება. ოჯახი წმინდათა წმინდაა, დედის და მამის მხარდაჭერასა და თანადგომაზე ძვირფასი არაფერია…

– საჯარო სამსახურში 17 წლიდან ხარ, რა პოზიციებზე მუშაობდი?

– თავდაპირველად იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური. 2013 წელს მუნიციპალიტეტების დაყოფის შედეგად სამგორის რაიონის გამგეობაში ვმუშაობდი. 2021 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გავხდი. 2023 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლად დავინიშნე.

– შენს თაობას პოლიტიკურად აქტიურ გარემოში მოუწია ცხოვრება, ერთ მშვენიერ დღეს ცოდნის გაღრმავება პოლიტიკურ მეცნიერებაშიც გადაწყვიტე…

– ეს იყო 2021 წელს, როცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩავაბარე. ჩემი სადოქტორო თემის ხელმძღვანელები იყვნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პროფესორი, ბატონი მალხაზ (სოსო) ვახტანგაშვილი. დამეთანხმებით, რომ დიდი პრივილეგიაა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხზე იმუშაო იმ ადამიანთან, რომელიც მოქმედი კონსტიტუციის ავტორი და ამავდროულად ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.

– შენი ერთი დისერტაციის თემა საკმაოდ რთული და დღემდე აქტუალურია – ესაა პოსტსაბჭოთა საქართველოს სახელმწიფო მოწყობის პოლიტიკური გამოწვევები, როგორ გაართვი თავი?

– დიახ, ეს თემა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე ძალიან აქტუალური და რთული საკითხია. ბევრი მეცნიერი ამ თემაზე საუბარს ერიდება, რადგან როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბევრი გარემო ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის განხილვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის გადაწყვეტის გარეშე ვერ მოხდება. ეს კი ურთულესი პროცესია, რაც დიდ ძალისხმევასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ამ კვლევით ჩემი დაინტერესება სწორედ მისმა სირთულემ, მრავალწახნაგოვანმა ბუნებამ და აუცილებლობამ განაპირობა.

 

– საუკეთესო ლექტორის სტატუსიც გაქვს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აუდიტორიაში, სადაც შედიოდი, თითქმის შენი თანატოლი სტუდენტები გხვდებოდნენ.  ეს ართულებდა საქმეს თუ პირიქით?

– ასაკობრივი ფაქტორი სირთულეს არ მიქმნიდა, პირიქით, ეს მათთან ურთიერთობას უფრო მიადვილებდა. ამავე დროს კარგად მესმის, რომ პედაგოგი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის კარს შეაღებს, საქმის სიყვარულით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის განცდით უნდა გამოირჩეოდეს. ლექტორობა კიდევ ერთი გამოწვევა იყო, რადგან ვაცნობიერებდი, რომ მათთვის მაქსიმალური ცოდნა და გამოცდილება უნდა გამეზიარებინა. ვფიქრობ, ამას დღემდე კარგად ვართმევ თავს.

– ამ ასაკში უკვე ბევრს მიაღწიე და ცხოვრების წინასწარ გაწერა თუ გიყვარს?

– მეამაყება, რომ საკუთარი თავი გია მაისაშვილის უმცროს მეგობრად შემიძლია მოვიხსენიო. სწორედ მან მასწავლა, რომ არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. საბოლოო ჯამში, თითოეული მოკლევადიანი გეგმის სისრულეში მოყვანით, ერთი ნაბიჯით, უფრო დიდ, სტრატეგიულ მიზანს უახლოვდები. მახსოვს მისი რჩევაც: დრო ძალიან მალე გარბის, ამიტომ წუთი არ უნდა დაკარგო, იცხოვრე აწმყოთი და დააფასე ის! მგონი, მის რჩევებს მაქსიმალურად ვითვალისწინებ. ყოველთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ ხოლმე და მომავალშიც ასევე გავაგრძელებ…

– დაასრულე აზრი: სამართლიანია საზოგადოება, რომელიც…

– განათლებულია… რადგან განათლება იარაღია, რომლის საშუალებითაც საზოგადოება უფრო სამართლიანი, კეთილი და პასუხისმგებლობიანი ხდება. ყველა უსამართლობის მიზეზი უწიგნურობა და გაუნათლებლობაა. ნებისმიერი საზოგადოების ხსნა განათლებაშია.

– როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსს როგორ წარმოგიდგენია საქართველოს ბედნიერი მომავალი?

– ეს ვრცელი თემაა, მაგრამ რამდენიმე წინადადებით თუ ვიტყვით, საამისოდ საჭიროა: ეკონომიკური კეთილდღეობა, ქმედითი საკანონმდებლო სისტემა, სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და განათლების სისტემის გაძლიერება. მჯერა, რომ მშვიდობით, ტრადიციულ ღირებულებებსა და მისწრაფებებზე დაყრდნობით, შევძლებთ ბედნიერი მომავალი ავაშენოთ…

მასალა მოამზადა თეონა გოგნიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები