ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იაპონელი სპორტსმენი ტაიზო იოშიდა ანგარიშით 10:2 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე გელა ბოლქვაძემ შვეიცარიელი და ხორვატი სპორტსმენები დაამარცხა, ნახევარფინალი კი ირანელ მოჭიდავესთან დათმო.

მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს პრიზიორია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთარ აბულაძე (72 კგ). ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ჩინელ ჟი ლენგს ანგარიშით 9:5 სძლია.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ოთარ აბულაძემ უნგრელ სპორტსმენს სძლია, მერვედფინალი აზერბაიჯანელ მოჭიდავესთან დათმო, რეპეშაჟში კი ხორვატ სპორტსმენს მოუგო.

ტირანაში დღეს არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. ხალიჩაზე 61; 70; 79; 92 კგ წონით კატეგორიების სპორტსმენებს ვიხილავთ.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები  თბილისის დროით 13:30 საათზე, ნახევარფინალები – 19:45 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები