27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილი დაიბადა

„პიროვანი ინტერესის მხრივ სიცოცხლის საღამოს მოახლოვება ჩემთვის არ არის სამძიმო სრულად – მე დიდი ხანია პიროვან არსებობას ჩალათაც აღარ ვაგდებ, რადგანაც სიცოცხლე წვალებისა და ტანჯვის მეტს აღარაფერს იმეტებს ჩემთვის. მაგრამ ვწუხვარ, რომ სამკალი ბევრია და მომკელები კი არასადა სჩანან. რის გაკეთებაც შემეძლო, მისი მეასედიც კი არ შემისრულებია და გადამეტებული სიცოტავე ნამოქმედარისა ხდის უსიამოვნო საგნად სიცოცხლის საღამოს კარზედ მოდგომასა“- წერდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნინო შარაშიძისადმი მიწერილ წერილში და წუხილს გამოთქვამდა დაუმთავრებელი საქმეების გამო…

არადა, მისი ნამოქმედარი უამრავ თაობებს სწვდება და ის, ფასდაუდებელია…

ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა – ღარიბი მღვდლის ოჯახში.

სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1861 წელს კიევის სასულიერო აკადემიის მოსწავლე გახდა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ლექციებს ესწრებოდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1864 წელს იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან.

გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა, მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

აღსანიშნავია იაკობ გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში. მათ პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ენის სახელმძღვანელოები.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მისი მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნა მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890). ანდრია სრისელის ვაჟი იხსენებს: “ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – “ქეთოს იტაცებენ“, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შუაღამე გადასული იყო. საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან და კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო. იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: “ქეთოს იტაცებენ“ და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას. იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა-დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე “იავნანა“ ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა. ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა: მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგე ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო. ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: “იავნანამ რა ჰქმნა?!“ – ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, –უთქვამს იაკობს ანდრიასათვის“.

იაკობ გოგებაშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებსა და მწერლებს…  მუდმივად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები