25 ოქტომბერი ცნობილი ქართველი ფერმწერის, ავთანდილ ვარაზის დაბადების დღეა
ავთო ვარაზის დედა თურქეთიდან გენოციდს გამოქცეული-გასპარიანების ოჯახის წევრი იყო.
ავთოს ბიძამ, გიორგი ვარაზიშვილმა თბილისის პირველი წყალსადენი დააპროექტა.
კონსტანტინე გამსახურდიას სწავლის ხარჯები საზღვარგარეთ ავთო ვარაზის ბიძებმა გასწიეს.
ავთო ვარაზის «ხარის თავი» პარიზში, ალექსანდრე გლეზერის კოლექციაშია დაცული.
ავთო ვარაზის პაპა – სოფრომ ვარაზიშვილი რაჭის სოფლიდან – მუხლიდან იყო. თბილისში პურის მცხობელთა უსტაბაში გახდა.
სოფრომის შვილები ერთმანეთზე გამოჩინებულნი იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. ავთოს მამა – ვასილი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი, პათფიზიოლოგი იყო. სოფრომის სხვა შვილები ანუ ავთოს ბიძები – ივანე, ისიდორე და გიორგი ვარაზიშვილები ასევე ცნობილი ადამიანები იყვნენ.
ივანემ და ისიდორემ გიორგი ნიკოლაძესთან ერთად ჩამოაყალიბეს “ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი საზოგადოება”.
გიორგი ვარაზიშვილი იყო თბილისში პირველი წყალსადენის პროექტის ავტორი.
გიორგიმ და ისიდორემ გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში, რუსთაველის საზოგადოებას ჩაუყარეს საფუძველი (მათ საქმიანობაზე ცალკე, მოგვიანებით მოგიყვებით).
ისინი ცნობილი იყვნენ როგორც მეცენატები. ბევრი ქართველი სტუდენტი, მათ შორის ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია, მათი საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდნენ საზღვარგარეთ.
დედის ოჯახი თურქეთიდან სომეხთა გენოციდს გამოექცა და თბილისში პურის მცხობელთა უსტაბაშმა (ხელმძღვანელმა) სოფრომ ვარაზიშვილმა შეიფარა გასპარიანების ოჯახი.
წამოიზარდა ვასილ ვარაზიშვილი და ელენე გასპარიანი ცოლად შეირთო.
თბილისურ, ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა ავთო პეროვის ქუჩაზე. ძმებმა მამის პროფესია-ექიმობა არჩიეს, ავთო კი 5 წლიდან ხატავდა და გამოფენის მოწყობაზე ოცნებობდა.
თავისებური, გამორჩეული, განსხვავებული იყო პიროვნულად და შემოქმედებაც ასეთი ჰქონდა. ხატავდა და აკეთებდა იმას, რაც უნდოდა. სიცოცხლეში არ ჰქონია არც ერთი პერსონალური გამოფენა.
მხატვართა გალერეაში მოწყობილ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებზე მიჰქონდა ერთი ტილო და ის ერთი ნახატი იყო მერე სწორედ, მთელი თბილისი რომ ვარაზზე ლაპარაკობდა.
ვარაზი არ უხდიდა ხარკს საბჭოთა იდეოლოგიას. ნატურის ხასიათი თუ არ იცოდა, ისეთ ადამიანს არ დახატავდა, ამიტომ მხოლოდ ნაცნობების პორტრეტებს ქმნიდა. ავთო ვარაზი ქართულ მხატვრობაში პირველი იყო, ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. ერთი პერიოდი ქმნიდა რელიგიურ მოტივებს.
ავთო ვარაზი, როგორც ფერმწერი, უმთავრესად პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა. ნახატს ხელმოწერას იშვიათად თუ გაუკეთებდა. ასე ამბობდა, ნახატს ხელმოწერა აკნინებსო.
მან შექმნა ფიროსმანის დაუვიწყარი სახე გიორგი შენგელაიას ფილმში “ფიროსმანი”. დიახ, კი არ ითამაშა, გადაღებების პერიოდში იცხოვრა ნიკალას ცხოვრებით, რომელიც მისთვის ძალიან მშობლიური გამოდგა.
ის რამდენჯერმე მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე (გიორგი ლეონიძის, იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმები, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი და სხვა).
ავთო ვარაზის ნამუშევრებიდან “ხარის თავის” ადგილსამყოფელია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი) , მეორე, კვლავ “ხარის თავის” სახელწოდებით (“კრავის თავი”), ამერიკის შეერთებული შტატების ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში ინახება; მესამე, “ხარის თავი” – ალექსანდრე გლეზერთან, პარიზში, ხოლო “რვაფეხა” კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში.
“ვიოლინო”, “ლიმონათის და ღვინის ეტიკეტები” პარიზის და ამერიკის ნორტონ-ლოჯის კერძო კოლექციებში ინახება.
მისი 15 ნამუშევარი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ასევე ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმების ფონდებში.
ვაჟა-ფშაველაზე, პატარა სახლ-სახელოსნოს კარები სულ ღია ჰქონდა. სტუმარი და მიმსვლელ-მომსვლელი ბევრი ჰყავდა, მაგრამ მაინც ჩაკეტილი და სევდიანი იყო.
არაჯანსაღი ცხოვრების წესმა და დიაბეტმა ჯანმრთელობა საბოლოოდ შეურყია. ინსულინდამოკიდებული იყო და თავს მაინც არ უფრთხილდებოდა.
1977 წელს, 50 წლის ასაკში, დიაბეტური კომით გარდაიცვალა.
📷Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია