დღეს უბისობაა
უბისას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, ზესტაფონის აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო-აღმოსავლეთით. კომპლექსში შედის ეკლესია რამდენიმე მინაშენით, კოშკი, შესასვლელი კარიბჭე და ახალი გალავანი.
უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. მამა გრიგოლი აფხაზთა მეფის დიდი მოწადინებით, ეკლესიის ასაგებად საგანგებო ადგილს არჩევს “და მოვლენ ქვეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ”. გიორგი მერჩულე უბისის დაარსების შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი”. სწორედ გრიგოლ ხანძთელის დროს აგებულად მიიჩნევს უბისის მთავარ ტაძარს რ. შმერლინგი.
მონასტრის შემდგომი ისტორია დაკაშირებულია XII საუკუნესთან. ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე კოშკ-გოდოლზე არსებული წარწერა გვაუწყებს: “მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისაგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძისა დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზედა წელი სარკინოზთა 535”. ამ წარწერის მიხედვით ტაძრის მშენებლობა 1141 წლით განისაზღვრება. აღსანიშნავია რომ შ. ამირანაშვილი უბისის ფრესკებისადმი მიძღვნილ ამავე გამოცემაში თავად ტაძარზე არსებულ წარწერას სადაც მავრიკ მაშენებლი მოიხსენიება და ზემოთ მოხსენებულ სვეტის წარწერას შორის პალეოგრფიულ სხვაობას აღნიშნავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სვეტისა და ტაძრის თანადროულობას ეჭქვეშ არ აყენებს.
სიტყვა “შენების” ორმაგი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც ძველ ქართულში განახლებასაც ნიშნავს, სიმონ ჭყონდიდელის “აღშენება მონასტრისა ესე და სვეტისა” სამეცნიერო ლიტერატურაში უბისის სამონასტრო ცხოვრების შემდგომ ეტაპად არის მიჩნეული.
მონასტრის აქტიური ცხოვრება არ შეფერხებულა საქართველოს ისტორიის ისეთ მძიმე პერიოდში, როგორიც გვიანი შუა საუკუნეებია. XIV საუკუნეში წმ. გიორგის სახელობის მთავარი ტაძარი უნიკალური ფრესკებით იმკობა, ხოლო ბაბლიკ ლაშხიშვილი ტაძარს კანკელისთვის განკუთვნილ ხატებს სწირავს. ეს მოვლენა ეკლესიის განახლებასთან ერთად უთუოდ მისი სულიერი აღმავლობისა და სიძლიერის ნიშანი უნდა ყოფილიყო.
უბისის მონასტრის კიდევ ერთი განახლების ეტაპი იმერეთის მთავართა გვარის – აბაშიძეების მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. ტაძრის კედლებსა და მონასტრისათვის შეწირულ საეკლესიო ნივთებზე შესრულებული წარწერების მიხედვით, ჩვენთვის ცნობილი ხდება ამ გვარის შესახებ, რომელბიც XVI_XIX საუკუნეებში მონასტრის მზრუნველებად და მფლობელებად გვევლინებიან. მათ სახელთანაა დაკავშირებული ეკლესიის დასავლეთ მინაშენისა და მასში საგვარეულო სამარხის მოწყობა და ასევე, მრავალი ძვირფასი ნივთის ეკლესიისთვის შეწირვა.
თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: „უბისს ავაგე საყდარი“…
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.
წყარო:dzeglebi.ge