სომხურად ითარგმნა და გამოიცა დავით ჯიშკარიანის − „ბუცები და ტყავის ჩექმა: თბილისის „დინამო“ ჩეკისტების კლუბიდან ეროვნულ სიმბოლომდე“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, სომხურად ითარგმნა და გამომცემლობა Newmag-ის მიერ გამოიცა დავით ჯიშკარიანის დოკუმენტური პროზა − „ბუცები და ტყავის ჩექმა: თბილისის „დინამო“ ჩეკისტების კლუბიდან ეროვნულ სიმბოლომდე“.
მთარგმნელი: რუზანა ვარდერესიანი.
თბილისის „დინამო“ ბევრ ადამიანში დიდი გამარჯვების სიხარულთან ასოცირდება. წიგნი ამ ლეგენდარული გუნდის ბევრ უცნობ ამბავს მოგიყვებათ. აქ ნახავთ, როგორ იწყებოდა თბილისის „დინამო“, როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ბევრი ფეხბურთელის სპორტული და ჩეკისტური კარიერა – ზოგი ფეხბურთელი იმავდროულად შინსახკომის გამომძიებელიც იყო, ზოგი კი მასობრივ რეპრესიებს შეეწირა. იმასაც გაიგებთ, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანკოს წინააღმდეგ მებრძოლი ბასკი ფეხბურთელები და რა გადახდა თავს მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს.
დავით ჯიშკარიანი ამ და სხვა ამბებს ჰყვება მრავალწლიანი საარქივო კვლევებისა და თავისი აღებული პირადი ინტერვიუების საფუძველზე. ის ბევრ ოჯახს ესაუბრა საქართველოში, რუსეთში, ესპანეთსა და შორეულ მექსიკაშიც კი. იგი ახერხებს, ისე მოჰყვეს ერთი საფეხბურთო გუნდის ამბავს, რომ ნათელი გახდეს მთელი ქვეყნის ისტორია.