დღეს წმიდა არსენი დიდის ხსენების დღეა
წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში.
აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.
როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები – თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.
მონასტრის ბერებმა მოძღვრის და ძმების დაბრუნებით გაიხარეს, მაგრამ ყრმების მოყვანას დრტვინვით შეხვდნენ, რადგან სამონასტრო წესდება ამას კრძალავდა. ღირსმა გრიგოლმა აუწყა საძმოს, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, თვით ღვთის ნებით ნაკარნახევი, რათა „ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისა“.
როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.
ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა – გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა: „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობიჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელი არ-ღა მწიფე იყო“.
მღელვარება ჩაცხრა. ეფრემსა და არსენს შორისაც განახლდა სიყვარული.
კათოლიკოსმა არსენმა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქართლის ეკლესიებს სიხარული მოჰფინა, „საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.
წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.
არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.
წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.