ქუთაისი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს
2024 წლის 11-16 დეკემბერს ქუთაისი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს.
კონკურსი ფორტეპიანოს პროფილით, სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთ ტურად, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდება.
კონკურსის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები და მუსიკოსები საქართველოს, იაპონიის, ბელგიის, პორტუგალიის უმაღლესი სასწავლებლებიდან. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასებს.
კონკურსი ეძღვნება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დაარსების 105 წლისთავს.
კონკურსი 2013 წელს დაფუძნდა ქუთაისში – მელიტონ ბალანჩივაძის მშობლიურ ქალაქში, სადაც მან 1918 წელს დააარსა, დასავლეთ საქართველოში პირველი პროფესიული სამუსიკო სასწავლებელი. თავისი არსებობის 105 წლის მანძილზე, ამ სასწავლებელმა აღზარდა ცნობილ ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა, პედაგოგთა და კომპოზიტორთა თაობები. სასწავლებლის კურსდამთავრებულები დღესაც აგრძელებენ სწავლას და წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.