დანიაში ქართული კულტურის დღეები წარმატებით დასრულდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართული ქართული კულტურის დღეები 3 ოქტომბერს დასრულდა. ღონისძიებების მიმდინარეობისას საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკის პარტნიორობით გაიმართა ქართული ფილმების ჩვენება და კულტურული პროგრამა დასრულდა ნანა მჭედლიძის ფილმის – „პირველი მერცხლის“ ჩვენებით.

ქართული კულტურის დღეებმა ევროპელი სტუმრების მოწონება დაიმსახურა და ქართული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.

ფესტივალის სტუმრებმა იხილეს: „დეტ-ნი თეატრში“ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, რომელიც კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით; ასევე მაყურებელმა იხილა დანიის თეატრში „ავენიუ-ტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა უილიამ შექსპირის „ოტელო“; გაიმართა თენგიზ აბულაძის ფილმების  -„მონანიებისა“ და „ნატვრის ხის“ – ჩვენებები.

ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად წარმოადგინეს. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები