11 წიგნში მოქცეული 24 ემიგრანტული წელი და ტყის სახლში განცდილი უჩვეულო ამბავი

რთული ემიგრანტული ცხოვრების გამო, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ მათ შესახებ მკითხველს მოუთხრო. ისინი კი, ვინც სამუდამოდ დაბრუნდა უკან ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებენ.

მწერალმა ირმა ბეგლარიშვილმა ამერიკაში სიცოცხლის 24 წელი გაატარა. გზადაგზა, თავისი განცდილი და ნაგრძნობი, 11 წიგნად აქცია. ერთ მშვენიერ დღეს კი რეალურად დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმი და სიყვარული, რაზედაც სულ წერდა, რიტორიკა და ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. არც ისე დიდი ხანია, რაც ამერიკიდან შვილთან ერთად სამუდამოდ დაბრუნდა და მშობლიურ სოფელ დოესში დასახლდა.

– ირმა, როგორ ფიქრობ, ამ გადასახედიდან, სიმბოლურად რომ ვთქვათ, რა ჟანრისაა შენი ცხოვრება?

–  ემიგრაციაში წარსულით სუნთქავ, აქ ერთი და იგივე დღეებია, მძიმე და დამღლელი. იქიდან გამომდინარე, რაც გადავიტანე და რასაც გავუძელი, შემიძლია გითხრა, რომ ჩემი ცხოვრება ალბათ ტრაგიკომედიაა… საქართველოდან 1999 წელს წავედი. თავდაპირველად, მეგონა, რომ ჩვენი უბედურების მთავარი მიზეზი შევარდნაძეა და მისით დასრულდებოდა ჩვენი ემიგრაცია, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ყველაფერი გლობალისტების ცივი გონებით შექმნილი გეგმა იყო… მაშინ საქართველოში წლისა და ათი თვის შვილი დავტოვე. კუთხეში მიმწყვდეულს, ელემენტარულად, იმის ფულიც არ მქონდა, რომ შვილი გამომეკვება. სიგიჟემდე მენატრებოდა ჩემი ერთადერთი ბიჭუნას ტკბილი სუნი. წლების მერეც, სიზმარში იმ პატარა ბიჭუნას ვხედავ, რა ასაკშიც დავტოვე.

–  რა დაგეხმარა გადარჩენაში?

– მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ წერამ გადაგარჩინაო და ეს სიმართლეა. დიახ, წერამ გადამარჩინა. გაუჩერებლად ვწერდი ლექსებს და ჩანახატებს. ვცდილობდი დავცლილიყავი. ასე შეიქმნა  ჩემი თერთმეტი წიგნი ამერიკაში. აქედან ერთი რომანია, ორი პროზა, ერთი სენტენციები და შვიდი პოეტური კრებული. აქ ისევ დავუბრუნდი წერას. ახლა თევდორე მღვდელზე მაქვს წიგნი დაწყებული და ზამთარში ალბათ ჩავუჯდები.

– როცა ემიგრაციაში, ანუ 90-იანებში, კომუნიკაციის ამდენი საშუალება არ არსებობდა, იქ ყოფნას ალბათ ესეც ართულებდა…

– თანაც, მაშინ სკაიპით არ ვიყავით განებივრებული და საკუთარი შვილების გაზრდას ვერ ვუყურებდით. ჩემი სიხარული ექვს თვეში ერთხელ, საქართველოდან გამოგზავნილი ვიდეოკასეტა იყო. ეკრანზე უსასრულოდ ვუყურებდი საკუთარი შვილის გამოსახულებას და მონატრებას უკვე სახელიც არ ჰქონდა. იმ დროს არც სატელეფონო კარტა არსებობდა. ბრუკლინში ერთ ინდოელს პატარა მაღაზია ჰქონდა და იქიდან ვრეკავდით ხოლმე, ისიც, 5-10 წუთი. დასვენების დღე თავიდან თვეში ერთხელ, მხოლოდ დილიდან საღამომდე მქონდა. ამ დღისთვის მთელი კვირა ისე ვემზადებოდი, თითქოს ციხიდან გამოვდიოდი.

– უცხოეთში ცხოვრებისთვის 11 წელი ცოტა დრო არ არის. ბევრი ვერ ახერხებს ემიგრაციის სირთულეებს გაუმკლავდეს, შენ როგორ შეძელი და არ გადასხვაფერდი?

– როგორ არ გადავსხვაფერდი? – იმიტომ, რომ ვერ მივიღე მათი ცხოვრების წესები და მენტალიტეტი. ისინი მარტივად სამართავები არიან. სულ მიკვირდა, როგორ სჯეროდათ, რომ მეორე მსოფლიო ომი მათ მოიგეს, რომ ყველაზე მაგრები არიან. ამ თემაზე მათთან ხშირად მიკამათია. ერთხელ ისიც მკითხეს – კომუნისტები ბავშვებს მართლა ჭამდნენო?… როცა ჩემი შვილი 13 წლის ასაკში ამერიკაში წავიყვანე, ბრუკლინს არ გავაკარე. სახლი ნიუ-ჯერსის შტატის ერთ პატარა დასახლებაში ვიქირავე, მე და ჩემმა შვილმა ბოლო წლები წამოსვლამდე, იქ გავატარეთ.

– ვიცი, რომ შვილმა იმედები გაგიმართლა…

პაპუნა ბეგლარიშვილი

– პაპუნა იყო და  არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაცია. ის პირველ რიგში, კარგი ადამიანია და მერე სხვა დანარჩენი. მან წარჩინებით დაამთავრა რადგარის უნივერსიტეტი და მერე, იმავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაც, კიბერდაცვის განხრით. ყველაზე დიდი გამართლება კი ისაა, რომ მოვახერხე და ის უცხო ქვეყანაშიც ქართველად დარჩა. პაპუნას ამერიკის მოქალაქეობაც ჰქონდა და კარგი სამსახურიც, მაგრამ მაინც სამშობლოში დაბრუნება  გადავწყვიტეთ.

– ემიგრანტებს ხშირად ვეკითხები – სიზმრებს რა ენაზე ხედავდი?

– ზუსტად გეტყვით, რაც იქ ვიყავი სიზმარი არაქართულად არასოდეს მინახავს. ვაზროვნებდი და ვფიქრობდი მხოლოდ ქართულად. ახლა ასეთი შემთხვევა გამახსენდა: ერთხელ მე და პაპუნა ბრუკლინში, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით. რესტორანში ქართული ანსამბლის „ფესვები“ ბავშვებმა იცეკვეს, საოცარი ცეცხლი დაანთეს, ყველა აღფრთოვანდა. მოგვიანებით როცა პაპუნა მათ გაესაუბრა, გულდაწყვეტილმა მითხრა: დედა, ქართულად არცერთი საუბრობს და რად მინდა ასეთი ქართული ცეკვაო?!.. ჩემი შვილი უაქცენტოდ ლაპარაკობს ინგლისურად, მაგრამ 13 წელი საქართველოში რომ არ უცხოვრია, ვერავინ შეატყობს. მშობლიურ ენადაკარგული ბავშვები ქართველები აღარ არიან… თავს ნუ მოიტყუებთ! ამერიკას „ოცნების ქვეყანას“ ნუ ეძახით. ეს ოცნება როგორც კი იმ მიწაზე ფეხს დაადგამ, რამდენიმე დღეში ქრება…

– იმ ქვეყანაში საშინელებათა ფილმები, ე.წ. Horror-ია პოპულარული, რაიმე ხომ არ გახსენდება?

– ახლა რასაც მოგიყვებით, შეიძლება არც დამიჯეროთ და ჩემს ემოციებს დააბრალოთ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ნამდვილად იყო. ეს ამბავი 2001 წელს გადამხდა, იმ დროს, როცა ცნობილი „ტყუპები“ ააფეთქეს. მაშინ მეორე სამსახური ლონგ-აილენდზე მქონდა. ჩემი პაციენტი ალცჰაიმერით და დემენციით დაავადებული ქალი იყო, ელვა ერქვა. იმდენად მძიმე სამსახური იყო, როცა მახსენდება, მიკვირს როგორ გავუძელი. მისი ასი წლის სახლი ტყეში იდგა. სწორედ ისეთი სახლი საშინელებათა ფილმებში რომ არის. ადრე ამ ქალს საკუთარი სანოტარო კანტორა ჰქონდა და ეს უზარმაზარი ტყეც მისი საკუთრება იყო. დასახლებულ პუნქტამდე რომ გასულიყავი, 10-15 წუთი უნდა გევლო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ქალი ხელში ჩამაკვდა და მისი ცხედარი იმ ღამითვე წაიღეს. მე კი დავრჩი ამ ძველ სახლში მარტო. ჩემი საძინებელი მეორე სართულზე იყო. სინათლე ანთებული დავტოვე, რადგან მეშინოდა. შუაღამისას ხალხის ხორხოცის ხმა მომესმა, თითქოს მაგიდიდან ეს – ესაა აიშალნენ და ხმამაღლა საუბრობენო.

– არ დაგსიზმრებია, აშკარად გესმოდა?

– ეს ხმები იმდენად აშკარა იყო, რომ ვიფიქრე, გავგიჟდებოდი. თუმცა, თავს ვიმშვიდებდი, რომ გეჩვენება და სახლში არავინაა მეთქი. მთელი ღამე საწოლში მოკუნტულმა გავატარე. დილით ჩავალაგე ჩემი ბარგი და ბრუკლინში წამოვედი. მე არ ვიცი, რა იყო ეს. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ის ხმები ახლაც ყურში მესმის….

დედასთან ერთად

– დავუბრუნდეთ ქართულ ამბებს… სახლში დაბრუნების მერე, როგორ გრძნობ თავს?

– ასე მგონია, 24 წლიანი ციხე მქონდა მისჯილი და როგორც იქნა, გავთავისუფლდი. ჩემმა სულმა თავისუფლება იგრძნო. ჩამოვედი და დავსახლდი ჩემს სოფელში, სადაც მოგონებები ისევ ცოცხლობს. მინდა დარჩენილი სიცოცხლე აქ გავატარო. სამშობლოს ახალი გათიბული ბალახისა და მინდვრის სუნი აქვს. მახსოვს, როცა დავბრუნდი, აყვავებული აკაციის ქვეშ დავდექი და ავტირდი. თვალებდახუჭული ღრმად ვისუნთქავდი მის მოტკბო სურნელს, რომელსაც სამშობლოს სურნელი ჰქონდა… რადგან ადამიანის ცხოვრებაც წრეზე ტრიალებს, ვიცი, რომ ოდესმე ყველას მოუნდება იქ დაბრუნება, სადაც ბავშვობის ლამაზი დღეები გაატარა და საიდანაც სამყაროს შეცნობა დაიწყო.

– ალბათ რასაც დღეს განიცდი, ამ სიმშვიდეზეც დაწერე ლექსი..

– სხვათა შორის, მართლა დავწერე ლექსი, რომელსაც „მშვიდად ვარ“ ჰქვია…

ისე ზედმეტად მშვიდადა ვარ,

რომ მეშინია,

ზამბარასავით, დაჭიმული ვიყავი წლები…

ახლა მოვეშვი, დღე დღეს მისდევს, თავაწყვეტილი,

მზის ამოსვლასაც ვეღარ ვასწრებ,

დილით ვერც ვდგები…

მთიდან დაშვებულ ლოდსა ვგავდი მთელი ცხოვრება,

გაუჩერებლად ბედმა სად

არ გადამისროლა,

ბევრჯერ გამყიდეს, მიორგულეს

 და მიღალატეს,

აქეთ სისუსტედ ჩამითვალეს გულახდილობა!

სამაგიერო არავისთვის გადამიხდია,

ყველას თავისი დავუტოვე და გავეცალე…

ჩრჩილნაჭამ ფარდაგს დაემსგავსა,

ღალატით სული…

და ყოველ ჯერზე მკლავდნენ,

მაგრამ გ ა რ დ ა ვ ი ც ვ ა ლ ე!

ეს სიმშვიდეა ახლა ჩემი

სულის წამალი,

ჩემი ძაღლივით, მეც ვილოკავ

მტკივან ადგილებს,

ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს ვიცი, უჭირთ ყოფნა მიწაზე,

შემოდგომით ხომ ეპარებათ

ხეებს სიყვითლე!

ეს მე დავხურე ჩემი სულის ყველა დარაბა,

ისე ვარ თითქოს, არც არასდროს

არა ვყოფილვარ…

არც ჩემს მოსვლის დროს

გაუსვრიათ თოფი ჰაერში,

იქით მიმავალ გზაზეც უხმოდ, უხმოდ მივდივარ!

არა ვწუწუნებ, ყველას

თავის ბედი დაჰყვება,

ერთი პოეტიც არ მინახავს მე ბედნიერი…

ლექსიც ბავშვივით იბადება,

დიდი ტკივილით,

რომ დაიცალა ამით რჩება ის მადლიერი!..

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები