დანიაში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ქართული ფილმების ჩვენება გრძელდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე ქართული კულტურის დღეების ფარგლებში  საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკის პარტნიორობით თენგიზ აბულაძის ფილმის, „ნატვრის ხის“ ჩვენება გაიმართა.

კინოჩვენებას წაუძღვა კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე.

ინფორმაციისთვის, დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება და პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას.

ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში ბოლო დღეს გაიმართება   ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხლის“ ჩვენება.

ფესტივალის სტუმრებმა უკვე იხილეს: „დეტ-ნი თეატრში“ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, რომელიც კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით; ასევე მაყურებელმა იხილა დანიის თეატრში „ავენიუ-ტი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა უილიამ შექსპირის „ოტელო“;  გაიმართა თენგიზ აბულაძის ფილმის -„მონანიების“ – ჩვენება.

ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები