„ეს ანიმაციები ჩემივე გაცოცხლებული ნახატებია“ – დიზაინერის შექმნილი კეთილი პერსონაჟები
დიზაინერობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. თავიდან ხელოვნებასთან ურთიერთობა ხატვით დაიწყო, დღეს კი მისი ნამუშევრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გაყიდული. “ნანუკა-არტის“ ბრენდი ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა. საკუთარი ტექნიკით დამუშავებულ ტყავზე ქმნის კომპოზიციას, რომლითაც ყოველ ჯერზე, რაიმე საინტერესო ისტორიას გადმოსცემს. მისი სამკაულები ბევრი ცნობილი ადამიანის ზარდახშაშია. მის მიერ გაფორმებული სახარება და ხატი არა ერთ ტაძარშია დაბრძანებული. მასთან საუბარს სიახლეებით დავიწყებ.
– ნანუკა, მოდი, მკითხველს უახლეს არტ-ამბავზე მოუყევი: ამ ეტაპზე საბავშვო თემატიკით ხარ დაკავებული. რატომ გაგიჩნდა ასეთი ინტერესი?
– ეს თემა ჩემთან შემთხვევით არ მოსულა. დავაკვირდი, რომ დღეს, ძირითადად უემოციო, გაურკვეველი სახის პერსონაჟებით გაფორმებული საბავშვო ნახატები ვრცელდება, რაც ყველა სახის საბავშვო ნაწარმზეც აისახება. ამან ჩემში პროტესტი გამოიწვია. ცნობილი ტერმინი რომ გავიხსენოთ -„ბავშვის სული სუფთა დაფაა“ და მასზე რასაც „მივაწერთ“ ან „დავხატავთ“, იმის მიხედვით ჩამოყალიბდება მისი პიროვნება და სამყაროსაც იგივე ემოციებს დაუბრუნებს. პირველ რიგში, ეს სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ ზღაპარსა თუ ლექსს, ანუ სააზროვნო მასალას ეხება. ალბათ სადავო არ უნდა იყოს ის, რომ ბავშვებს მაღალი კლასის და გემოვნებით შექმნილი, ხარისხიანი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ.
– არადა, სავაჭრო ქსელებში იყიდება მთელი რიგი საბავშვო პროდუქციისა, რომელთა ვიზუალური მხარე ხშირ შემთხვევაში, სათანადო ხარისხით არ გამოირჩევა…
– სამწუხაროდ, ასეა. მსგავსი სახის საბავშვო პროდუქტების ჩამონათვალში საეჭვო ნახატებით გაფორმებული საბავშვო ტანსაცმლის ხაზი და სხვადასხვა სასკოლო – საკანცელარიო ნაწარმია. ეს ეხება უბის წიგნაკებს, სასკოლო რვეულებს, მისალოც ბარათებს, ყველაფერს, რაც ბავშვებში ესთეტიკურ გემოვნებას უნდა ავითარებდეს. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემი გაფორმებული საბავშვო ანბანი გავაგზავნეთ ათენში, ქართულ – ბერძნულ ოჯახში, სადაც ძალიან მოიწონეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც გამოიცემა. მომავალში ძალიან მინდა, რომ ჩემი ილუსტრაციებით გაფორმებული მეგობრის საბავშვო ლექსები წიგნად გამოვცე. ამის გარდა, კიდევ ბევრ მიმართულებაზე ვმუშაობ, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ გავამხელ.
– ძალიან სახალისო ანიმაციების შექმნა დაიწყე, რაც სოციალურ ქსელებში უკვე სარგებლობს პოპულარობით. ვინ არიან შენს მიერ შექმნილი ანიმები?
– ეს ანიმაციები ჩემივე გაცოცხლებული ნახატებია. მინდა ამ კეთილმა პერსონაჟებმა ბავშვებში პოზიტიური ემოციები გამოიწვიოს და ისინი შეუყვარდეთ. ვიცი, რომ სოციალურ ქსელებში ჩემს ანიმაციებს ბევრი უყურებს და ისინი ძალიან მოსწონთ, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. რეალურ ცხოვრებაში სიამოვნებით შევხვდებოდი ამ საქმით დაინტერესებულ ბავშვებს და ლამაზი, ფერადი ზღაპრების გმირებს მათთან ერთად შევქმნიდი.
– შენს შემთხვევაშიც ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო…
– აკვარელით ხატვა ჯერ კიდევ პატარა ასაკში დავიწყე. მერე იმ ნახატებს ოჯახის წევრებს, მოგვიანებით, მასწავლებლებს ვაჩუქებდი ხოლმე. ხელოვნებით ჩემ გატაცებაში დიდი როლი მამამ ითამაშა, ის ხატავდა და თანაც, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. ბავშვობაში მის ნაჩუქარ ფოტოაპარატს ძვირფასი რელიქვიასავით ვუფრთხილდები. წლების მერე, როცა სკოლა დავამთავრე, ჩემს გზას გადავუხვიე და სამედიცინო ინსტიტუტში აღმოვჩნდი. თუმცა დღეს ბავშვობისდროინდელი ინტერესი გავიხსენე და მეორე პროფესიად ვაქციე…
– ძველი წარმატებების ამბებიც ვახსენოთ, „ბრწყინვალეა“ – ასე შეაფასა თავის დროზე ლედი გაგას პირადმა დიზაინერმა, ასად ავადმა შენი ნამუშევრები. კონკრეტულად რა გახსენდება იმ შეხვედრიდან?
– მახსოვს, ასადს ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევრები. განსაკუთრებით ჩანთა, რომელიც ბამბუკისა და ტყავის მიქსი იყო. ყველაფერი დეტალურად გამომკითხა: როგორ ვამუშავებდი ტყავს, რა ტექნოლოგიით ვხატავდი და დღეში რამდენი ნამუშევრის დამზადება შემეძლო. ასევე დაინტერესდა ჩემი ნაწარმის შეფუთვით და როცა ვაჩვენე, ძალიან შემაქო.
– სიტყვამ მოიტანა და, შენს ნამუშევარს მომხმარებელს ყოველთვის ორიგინალურად შეფუთულს აწვდი. ეს სტილი უკვე ბევრმა გადაიღო…
– რაც უნდა კარგი იყოს ნაწარმი, თუ სწორად და ლამაზად შეფუთული არ მიაწოდე მომხმარებელს, ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩება. ბევრი მცდელობის შემდეგ იმედი გამიცრუვდა, რადგან ჩემი მოთხოვნა ვერც ერთმა სარეკლამო სტამბამ ვერ დააკმაყოფილა. გადავწყვიტე შესაფუთი მასალა – მუყაოს ყუთიდან დაწყებული ყველა დეტალის ჩათვლით დამოუკიდებლად და ჩემი გემოვნებით შემექმნა. სასიკეთო შედეგმაც არ დააყოვნა. პლაგიატებს რაც შეეხება, ისინი ყოველთვის იყვნენ, მთავარია, გვახსოვდეს, პირველად შექმნის პრიორიტეტი ვის ეკუთვნის.
– ტყავი, ბამბუკი, ქსოვილი, ფირუზი… სამომავლოდ რა სახის მასალას დაამატებ შენს ნამუშევრებს?
– ასევე აქტიურად ვიყენებ: ხეს, ბუნებრივ ქვებსა და ლითონს. ხატვის დროს რასაც ვიყენებ, ეს ჩემი საიდუმლოა და ვერ გავამხელ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ხელოვნური არაფერი მომწონს, ამიტომ ვცდილობ, რაც ბუნებაშია, ისინი გამოვიყენო. ადამიანი ამაზე უკეთესს მაინც ვერაფერს შექმნის. ბოლოს, თქვენს მკითხველს ექსკლუზიურად გავუმხელ, რომ მალე ახალი ბრენდის დაფუძნებას და საზოგადოების წინაშე მის წარდგენას ვაპირებ. ჩემთვის მიუღებელია მხოლოდ ერთ თემაზე შევჯერდე და სიახლეზე არ ვიფიქრო. ხელოვანისთვის ხომ სწორედ მუდმივი განვითარებაა აუცილებელი?!..
თეონა გოგნიაშვილი