ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს…
1998 წელი. ინტერვიუ აფხაზ სნაიპერ ქალთან, ეკა ახალაიასთან
” – ვაჟკაცი ქართველი არ შეგხვედრიათ?
_ არა, იყვნენ, როგორ არა. აი, თქვენი მწერალი რომ არის, ამირეჯიბი, მაგისი ბიჭი იბრძოდა აქ, ჩვენს წინააღმდეგ, თბილისელების ბატალიონში. მაღალი, ლამაზი ბიჭი იყო… ვეფხვივით იბრძოდა. ნადირობდნენ ჩვენები მასზე… დაიღუპა. მაშინ ჩვენები თეთრი დროშით გადავიდნენ მტრის პოზიციაზე, მიუსამძიმრეს ბატალიონს, ომი ომიაო, მოუბოდიშეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გაამაგრეს თავისი პოზიციები.
– როგორ მოკლეს?
– ლიტველმა სნაიპერმა ქალმა მოკლა. ძალიან მოსწონებია და დანანებია, ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა მერე გვითხრა, ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო… და უსვრია…
ერთხელ დახარა თავი ირაკლიმ, ერთადერთხელ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანიდან დაჭრილი გადმოეყვანა და ტყვია სწორედ მაშინ მოხვდა.
ირაკლის სიკვდილმა შეძრა მთელი საქართველო. მის სახელში შენივთდა და გაერთიანდა უამრავი თავდადებული ვაჟკაცის გლოვა, იმათიც, ვინც ფრონტის ხაზიდან მისი ცხედრის გამოტანას ემსხვერპლა. შეიქმნა ტკივილითა და მრისხანებით სავსე მრავალი ლექსი. უმწვავესია გ. ფერაძის სტრიქონები:
“ღამე ბოღმისგან არ მძინავს,
შავი ჩამოწვა ნისლი,
რად შევარჩინოთ არძინბას
ამირეჯიბის სისხლი!..“
– არც შერჩა, ცოდვამ მიაკითხა… ჭეშმარიტმა აფხაზებმა კი იქვე, ტამიშში, ირაკლის ცხედართან გამოსამშვიდობებლად მისვლის ნება ითხოვეს და ვაჟკაცური პატივი მიაგეს… ხოლო იქ, სადაც ეს ულამაზესი ვაჟკაცი ერთადერთმა ტყვიამ მიწას მიაკრა, მერე უნახავთ, – თეთრი შროშნები ამოსულა უფლის განგებით.”
ისტორია – საინტერესო ფაქტები