გვახსოვდეს!

1993 წელი, გალი, საქართველო…

გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებმა იმ პერიოდის შეგრძნებები გამიზიარა:

სოფელში ხმები დადიოდა, სეპარატისტები აფხაზეთის ქალაქების აღების შემდეგ, ქართულ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან და დახოცილთა გვამები ქუჩებში ყრიაო.

ყველა ვღელავდით, ვნერვიულობდით, მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა.

ერთ დილასაც თითქოს უწყინარი დღე გათენდა. მე და მამა არაყს ვხდიდით. ჩემი ახლად მოყვანილი მეუღლე და რძალი აივნიდან გადმოგვცქეროდნენ, დანათესავებულ–დამეგობრებულები პროცესს აკვირდებოდნენ…

უეცრად არსაიდან ხმა მოვიდა, სეპარატისტებს თაგილონის ხიდი აუფეთქებიათ და მალე ჩვენს სოფელში იქნებიანო. ყველაფერი დავტოვეთ და უბრალოდ გავიქეცით. ცოცხლად დარჩენის გარდა არაფერზე ვფიქრობდით. ისეთ ადგილას შევძვერით, ტურაც რომ არ მოინდომებდა იქ დამალვას. დრო უსაშველოდ გაიწელა. უმოქმედოდ ვიყავით და ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა ვითარებას. ახლო–მახლო სროლის, აფეთქების ხმები გაისმა. ჩემი ოჯახის წევრები გაფითრებულები იყვნენ, სახეზე ერთი მიმიკა ჰქონდათ შერჩენილი. ალბათ, მეც ასე ვიყავი. გვეშინოდა, ბრაზისგან გული გამალებით გვიცემდა, მაგრამ არაფერი შეგვეძლო. ველოდით, სიტუაციის დამშვიდებას, დაღამებას ველოდით…

მდგომარეობა თითქოს დასტაბილურდა. საშინელი ხმები აღარ ისმოდა. დაკაწრულ–დასისხლიანებულები ფრთხილი ნაბიჯებით გამოვბრუნდით უკან. აივანი, რომლიდანაც დილით ქალბატონები მზეებივით იყურებოდნენ, აღარ იყო. სახლს ბოლი ასდიოდა. წვეთ–წვეტად შეგროვებული არაყიც ძირს ესხა. ტყვიას ჯამისთვის ძირი გაეხვრიტა…

ისე, დილით კრიალა ცაზე ორი ყვავის გამოჩენა ყველას ცუდად კი გვენიშნა, მაგრამ ხომ იცით, ცუდი ამბავი რომ დატრიალდება, დეტალებს ყურადღებას შემდეგ ვაქცევთ.

1992–93 წლის აფხაზეთის ომის, გაუსაძლისი 13 თვის შედეგად ოჯახები აოხრდა… დედებს სიცოცხლით სავსე შვილები მოუკლეს… ასობით და ათასობით პატარა უმამოდ დატოვეს… კიდევ ასობით და ათასობით – უსახლკაროდ, უსამშობლოდ…

მაშინ ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ეს მხოლოდ შესავალი იყო დიდი უბედურებისა, რომელიც თითოეული ოჯახს ოკუპანტ–სეპარატისტების წყალობით თავს დაატყდა. აღნიშნული ისტორია გალის ერთ–ერთ სოფელში არსებული ოჯახიდანაა. მიუხედავად სირთულისა მათ მშობლიური კერა არ დაუტოვებიათ. მიწა მტერს საჯიჯგნად არ ჩაუგდეს, შვილები ქართული იდეოლოგიით აღუზარდეს სამშობლოს!

2013 წელი, გალი, საქართველო…

1993 წლიდან ზუსტად 20 წლის თავზე დედას 15 წლის შვილი ექიმთან, საოპერაციოდ მიჰყავს. დანიშნული ოპერაციით გამოწვეულ ნერვიულობას ახალი დაემატა, საავადმყოფომდე მისასვლელი გზა ოკუპანტ–სეპარატისტების დამსახურებით ჩაიხერგა. ხიდჩაკეტილობის გამო საჭირო მავთულხლართებზე გადაპარვა გახდა. უცნობის სახლში რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ხმა გაისმა, გზა სუფთაა, წამოდითო, თუმცა  რუსი „მესაზღვრეები“ ისევ „საზღვართან“ აღმოჩნდნენ. „სტოი, ჟენშინა“ – სიტყვებთან ერთად იარაღის გადატენის ხმაც გაისმა.

-ღმერთო, ნუ მიმატოვებ!

-სად მიიპარებით, ქალბატონო?

-შვილი მიმყავს ექიმთან, ბატონო, სასწრაფო ოპერაციაა საჭირო.

-ნეტავ რა სჭირს საექიმო? – მედიდური, ამპარტავნული გამომეტყველებით გააჟღერა „სამართალდამცველმა“.

-გული სტკივა – დედამ 15 წლის ბიჭუნას პერანგი შეუხსნა, ჯერ კიდევ მცირეწლოვნების ასაკში გაკეთებული ოპერაციის ნაიარევი დაანახა და ცრემლები ვერ შეიკავა. აგერ, ბატონო, საბუთებიც მაქვს, რამდენიმე კვირის წინ ოპერაცია დაუნიშნეს ისევ… თქვენ, თუ გყავთ შვილი, გენაცვალე?

-დიახ, მყავს! ოღონდ აქ არა, რუსეთში – უსაფრთხოდ.

-ღმერთმა აშოროს ყველა უბედურება.

-კარგი, კარგი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. უფროსთან ვრეკავ და მალე გადაგიყვანთ საპყრობილეში, ახლა კი ჩუმად იყავით ორივე.

-პოლიტიკას ნუ გადამიყოლებ ძლივს გადარჩენილ შვილს, გენაცვალე. მესმის, გავალებენ, აქ იდგე და აკონტროლო ვითარება, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერს ვაშავებთ?! სიცოცხლე გვსურს მხოლოდ. ნუ დარეკავ, შენი ჭირი მე, ჩვენს გზაზე გაგვიშვი, გადაგვარჩინე, ამაზე კრინტი არავისთან დაგვცდება, მხოლოდ უფალს თუ შევთხოვ შენს კეთილდღეობას.

-დამღალე! ბევრს ნუ ლაპარაკობ, არ ვთქვი უკვე?!

-გთხოვ, როგორც დედა, ნუ მომიკლავ ცხოვრების აზრს, შვილს. ხომ ხედავ, შენს კეთილ გულზეა ჩვენი ბედი დამოკიდებული.

-ეს ვინ ყოფილა, სულ ცოტაც და თქვენს ადგილას წაგაბრძანებენ, მეც დავისვენებ.

დედა–შვილისთვის თხუთმეტი წუთი თხუთმეტ საუკუნედ გაიწელა… მანქანა მოვიდა. „მესაზღვრის“ ნებას წინ ვერაფერი აღუდგა.

-არ იდარდოთ ბატონო, ჩემი შვილისა და თქვენი გადარჩენისათვის ერთად ვილოცებ!

აფხაზეთელ ქართველებს თუ ყურს დავუგდებთ, მათ მსგავსი არაერთი ისტორია აქვთ მოსაყოლი. ოჯახებს წლების წინ მიყენებული უდიდესი ადამიანური, თუ მატერიალური მსხვერპლი არ აკმარეს და მას შემდეგ აფხაზეთში ყოველი დღე უსამართლობასთან, უპატივცემულობასთან, უუფლებობასთან, უპერსპექტივობასთან ასოცირდება.

სად არის იმედი? იმედი იმ ადამიანებშია, ვინც მტრების მიერ ორჯერ გადაბუგული სახლები თავიდან ააშენეს, გააცოცხლეს და ააყვავეს. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი არა ეროვნული იდეოლოგიის უკანა პლანზე გადაწევის ხარჯზე შეძლეს, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის მიწაზე ქართული ჰანგების გაჟღერებისა და თაობების სწორ გზაზე დაყენების ფონზე.

თამარ ოყუჯავა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები